შეთანხმება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის

თალაკვაძე პოლიტპატიმრებზე: თუ ეს შანტაჟია, ოპოზიცია აშანტაჟებს საზოგადოებას და პარტნიორებს

ტაბულა

„თუ ეს არის ულტიმატუმი, მინდა გითხრათ, ისინი ულტიმატუმს უყენებენ არა მხოლოდ ჩვენ, არამედ ჩვენს საზოგადოებას და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს და თუ ეს არის შანტაჟი, მინდა გითხრათ, რომ ისინი, ამ შემთხვევაში, ამით აშანტაჟებენ ჩვენს საზოგადოებას და საერთაშორისო პარტნიორებს“,- საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ტვ პირველის ეთერში პასუხობს კითხვას იმის შესახებ, რომ ე.წ. პოლიტპატიმრების არ გათავისუფლების შემთხვევაში, შესაძლოა, ოპოზიციამ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი არ დაუჭიროს.

„ჩვენმა საზოგადოებამაც და მეც, ამ ორი დღის განმავლობაში,  მივიღე ასობით წერილი. ისევე, როგორც პარტნიორები, უკლებლივ, სახელმწიფო დეპარტამენტი, კონგრესი, ევროპარლამენტი, ევროპის საბჭო, ოდირი, ყველა აბსოლუტურად, დადებითად გამოეხმაურა ამ შეთანხმებას. მათ თქვეს, რომ ეს არის მიღწევა და ეს განუხრელად უნდა იყოს დაცული. ამიტომ, თუ ისინი [ოპოზიცია] შეიცვლიან პოზიციას, ისინი გადაიხდიან პოლიტიკურ ფასსაც და დაკარგავენ პოლიტიკურ მომავალს," - ამბობს თალაკვაძე. 

8 მარტს ხელისუფლება და ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა დიპლომატიური კორპუსის თანდასწრებით შეთანხმდნენ, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები მანდატების 120/30 გადანაწილები და 1%-იანი ბარიერით ჩატარდება.

ოპოზიცია ამბობს, რომ შეთანხმების მეორე ნაწილი პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ეხება და შეხვედრისას კონკრეტული  პირების გათავისუფლებაზე შეთანხმდნენ, ესენია გიგი უგულავა, გიორგი რურუა, ირაკლი ოქრუაშვილი და ბესიკ თამლიანი, ხელისფულება კი ამტკიცებს, რომ კონკრეტულ გვარებზე შეთანხმებისას საუბარი არ ყოფილა. 

კომენტარები