საარჩევნო შეთანხმება

ბოკერია რიშზე: ყველამ იცის, პოლიტპატიმრების გამოშვების გარეშე ვითარება ვერ ნორმალიზდება

ტაბულა

ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია აშშ-ის სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარის, სენატორ ჯიმ რიშის, განცხადებას ეხმაურება, რომელმაც დაწერა, რომ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დადებული შეთანხმების საფუძველზე ელის, რომ პოლიტიკური მოტივით დაპატიმრებული ადამიანები დაუყონებლივ გათავისუფლდებიან. 

ბოკერიას თქმით, სენატორი რიში საქართველოს დიდი ხნის მეგობარია, რომელსაც ფუნდამენტური ინტერესი აქვს იმის, რომ საქართველო იყოს წარმატებული, სუვერენული, დემოკრატიული და ძლიერი ქვეყანა. 

"ბუნებრივია ის და საქართველოს სხვა მეგობრები ძალიან შეშფოთებულები იყვნენ იმ ტრაექტორიით, რა გზაზეც დააყენა ივანიშვილმა ქვეყანა და ამიტომ გამოხატავდნენ თავის ამ შეშფოთებას ძალიან მკაფიოდ. ახლა, როცა ეს შეთანხმება შედგა, ეს საქართველოს ყველა მეგობრისთვის კარგია ამბავია იმიტომ, რომ საქართველოსთვისაა კარგი ამბავი, თუ რა თქმა უნდა, ეს შეთანხმება შესრულდება და იმედი მაქვს, რომ შესრულდება,"- ამბობს გიგა ბოკერია. 

მისივე შეფასებით, სენატორ რიშის წერილიც სწორედ ამ სულისკვეთების იყო, რომ მისი და საქართველოს ყველა მეგობრის პრაგმატული ინტერესია, რომ ქვეყანაში ვითარება ნორმალურობისკენ წავიდეს და სწორედ ამისკენაა მისი მოწოდებაც. 

"ყველამ იცის, რომ პოლიტპატიმრების გათავისუფლებისა და რეპრესიების შეჩერების გარეშე ვითარება ნორმალური ვერ გახდება და ეს არის არსი მოწოდების, ამიტომ აქვს ასე მკაფიოდ ნათქვამი, რომ ელის სწრაფად ამ საკითხის გადაჭრას,"- ამბობს გიგა ბოკერია. 

დეპუტატის თქმით, ყველასთვის ცნობილია, რომ იმ ორ კომპონენტზე, რაც ოპოზიციისა და ქართული საზოგადოებისთვის იყო მნიშვნელოვანი, საარჩევნო სისტემასა და პოლიტიკურ დევნაზე, შეთანხმება შედგა. 

"ახლა რა ფორმით მოხდება, ვინ რას იტყვის, მნიშვნელობა არ აქვს არავისთვის, მთავარია, რა მოხდება. საქართველოს საზოგადოებისთვისაც და საქართველოს მეგობრებისთვისაც მნიშვნელობა იმას აქვს, რა მოხდება,"- თქვა ბოკერიამ. 

ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მრავალთვიანი მოლაპარაკებების შემდეგ, რომლის ორგანიზატორებიც საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები იყვნენ, ორ ძირითად საკითხთან დაკავშირებით შეთანხმება 8 მარტს შედგა. "ურთიერთგაგების მემორანდუმი", ერთი მხრივ, ითვალისწინებს საარჩევნო სისტემის ცვლილებას, ხოლო მეორე მხრივ, პოლიტპატიმრების გათავისუფლებასა და პოლიტიკური დევნის შეწყვეტას. 

მიუხედავად შეთანხმებისა, ქართული ოცნების ლიდერები საჯაროდ არ აღიარებენ შეთანხმების იმ ნაწილს, რომელიც პოლიტიკური დევნის შეწყვეტას ეხება. 

კომენტარები