კორონავირუსი

კორონავირუსის გამო სურსათის ეროვნული სააგენტო კვების ობიექტებს რეკომენდაციებით მიმართავს

კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის, სურსათის ეროვნული სააგენტო საზოგადოებრივი კვების ობიექტებს რეკომენდაციებით მიმართავს.

სააგენტო მოუწოდებს საზოგადოებრივი კვების ობიექტებს, გაზარდონ აღჭურვილობის/ინვენტარის ზედაპირების რეცხვა - დეზინფიცირების სიხშირე, ხოლო საჯარო სივრცეში, სადაც მომხმარებლის ნაკადი მაღალია, დაიცვან შესაბამისი ჰიგიენური ნორმები და ინტენსიურად ჩაატარონ სადეზინფექციო სამუშაოები. 

სურსათის ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციებია: 

  • გაზარდეთ ობიექტში ყველა სახის ინვენტარის, მოწყობილობებისა და  აღჭურვილობის რეცხვა-დეზინფექციის სიხშირე;
  • ობიექტის შესასვლელსა და გამოსასვლელთან განათავსეთ სპეციალური სადეზინფექციო ხსნარიანი მოწყობილობა (რეკომენდებულია სადეზინფექციო ხსნარის სპირტშემცველობა შეადგენდეს არანაკლებ 60 %-ს);
  • სადეზინფექციო ხსნარიან მოწყობილობასთან განათავსეთ ხელების დეზინფექციის ინსტრუქცია;
  • ხელსაბანთან განათავსეთ ხელის დაბანის ინსტრუქცია;
  • გამოყენებული ერთჯერადი პარკების, ხელსახოცების, პირბადეების, ხელთათმანების ჩასაყრელად განათავსეთ ნაგვის ურნები, მექანიკური (ფეხით) ასახდელი თავსახურებით;
  • ნაგვის ურნების შიგთავსი მოათავსეთ პლასტიკის პარკებში და თავი მჭიდროდ მოუკარით, შემდეგ მეორე პარკში, რომელსაც თავს ასევე მჭიდროდ მოუკრავთ;
  • ნაგვის ურნები დაცალეთ სათანადო სიხშირითა და პირობების დაცვით;
  • ხშირად დაამუშავეთ კარის სახელურები სადეზინფექციო ხსნარებით;
  • შესაძლებლობის მიხედვით გამოიყენეთ სადეზინფექციო და სარეცხი საშუალებებისათვის დაშვებული მაქსიმალური კონცენტრაცია.

რეკომენდაციებს სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფები ბიზნესოპერატორებს შემოწმებისას გააცნობენ და ასევე გაეგზავნებათ წერილობითი ფორმით.

კომენტარები