ნავთობის ფასები

ბოლო დღეებში რუსეთის უმდიდრესი მოქალაქების ქონება $9 მილირდით შემცირდა

ნავთობის ფასის მკვეთრი შემცირებისა და მსოფლიოს მთავარი საფონდო ბირჟების ვარდნის გამო რუსეთის უმდიდრესი მოქალაქეები ქონება ბოლო დღეებში 8,8 მილიარდი დოლარით შემცირდა. ინფორმაციას ამის შესახებ Forbes-ის რუსული რედაქცია ავრცელებს.

ნავთობის ფიუჩერსების მკვეთრმა გაუფასურებამ და ინვესტორების მიერ რუსული აქტივების ფორსირებულმა გაყიდვამ უარყოფითად იმოქმედა, არამხოლოდ რუსულ რუბლზე, არამედ ამ აქტივების მფლობელ ბიზნესმენებზეც. მათ შორის ყველაზე მეტი ცხადია, რუსეთის სანავთობო კომპანიების მფლობელებმა იზარალეს. 

ვარდნის ლიდერები Lukoil-ის მფლობელები, ვაგიტ ალეკპეროვი და ლეონიდ ფედუნი არიან. ამ დროისთვის ალეკპეროვის ქონება 2,1 მილირდით დოლარით შემცირდა, 904 მილიონი დოლარი იზარალა ლეონიდ ფედუნმა. 

მნიშვნელოვანი დანაკარგები აქვთ რუსეთის ყველაზე მდიდარი მოქალაქეების ათეულში მყოფ სხვა ბიზნესმენებსაც. მათ შორის, 613 მილიონი დოლარით შემცირდა ნორნიკელის მფლობელის, ვლადიმერ პოტანინის ქონება, 607 მილიონით იზარალა რუსეთის უმდიდრესმა მოქალაქემ ლეოინიდ მიხელსონმა, ხოლო მისი პარტნიორის გენადი ტიმჩენკოს ქონება 594 მილიონი დოლარით შემცირდა. 

528 მილიონი დოლარი იზარალა UC Rusal-ის მფლობელმა, ოლეგ დერიპასკამ, 472 მილიონით შემცირდა რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფინანსური ჯგუფის, ალფა ბანკის მფლობელი მიხაილ ფრიდმანის ქონებაც. 

რუსეთის ყველაზე მდიდარი მოქალაქეების ათეულიდან ერთადერთი ბიზნესმენი ვისი აქტივების ღირებულებაც ბოლო დღეებში არ შემცირებულა დაღესტანის სენატორი სულეიმან კერიმოვია. 

გასულ უქმეებზე რუსული რუბლი ჯერ საერთაშორისო სავალუტო ბირჟებზე, ხოლო მოგვიანებით უშუალოდ მოსკოვის ბირჟებზეც დაეცა. ამის მიზეზი ნავთობის ფასების ისტორიული ვარდნაა, რომლის მსგავსიც ბოლოს 1991 წლის შემდეგ არ მომხდარა. 

ამ დროისთვის ნავთობის საშუალო ფასი ბაზრებზე 30 დოლარის ფარგლებშია. 

კომენტარები