შეთანხმება ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის

სახ. დეპ-ი: საარჩევნო შეთანხმება პოლიტიკური გარემოს ნორმალიზაციისთვის გადამწყვეტი ნაბიჯია

Getty Images

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის 8 მარტს გაფორმებულ შეთანხმებას გადამწყვეტ წინგადადგმულ ნაბიჯს უწოდებს პოლიტიკური გარემოს დეპოლარიზაციისა და ნორმალიზაციის მიმართულებით.

"საქართველოს პოლიტიკურ დიალოგში მიღწეული შეთანხმება გადამწყვეტი წინ გადადგმული ნაბიჯია საქართველოში პოლიტიკური გარემოს დეპოლარიზაციისა და ნორმალიზაციის მიმართულებით, წლის ბოლოს დანიშნული საპარლამენტო არჩევნების წინ",- წერია სახელმწიფო დეპარტამენტის ტვიტერზე.

8 მარტს ამერიკის ელჩის რეზიდენციაში ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები მანდატების 120/30 გადანაწილებით ჩატარდება.

"პარლამენტი შედგება პროპორციული წესით არჩეული 120 და მაჟორიტარული წესით არჩეული 30 დეპუტატისგან. პროპორციულ ნაწილში ბარიერი 1% იქნება", - წერია შეთანხმების ტექსტში.

აქვე აღნიშნულია, რომ ოლქების განაწილება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად უნდა მოხდეს.

ასევე, შეთანხმება პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას გულისხმობს.

პროპორციულთან მაქსიმალურად დაახლოებული საარჩევნო სისტემა - ეს იყო ოპოზიციის ერთი მთავარი მოთხოვნა ხელისუფლებასთან დიალოგში, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებასთან ერთად, რაზეც შეთანხმება ასევე მიღწეულია.

კომენტარები