იდლიბის პროვინცია

აშშ იდლიბში თურქეთისთვის სამხედრო დახმარების მიწოდებას NATO- სთან ერთად განიხილავს

ჯეიმს ჯეფრი

ამერიკის შეერთებული შტატები ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსის ქვეყნებთან ერთად განიხილავს იდლიბში თურქეთისთვის სამხედრო დახმარების მხრივ რისი შეთავაზება შეუძლიათ. ისინი ასევე განიხილავენ, რა ზომები უნდა მიიღონ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი და სირია ჩრდილოეთ სირიაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას დაარღვევდნენ. 

"ჩვენ ვნახავთ, თუ რისი გაკეთება შეუძლია NATO-ს... ყველაფერი მაგიდაზეა," - განაცხადა სირიაში აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს ჯეფრიმ.

ჯეფრიმ კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ანკარას რუსული თავდაცვითი სისტემების S-400-ების შეძენაზე თავისი პოზიცია ნათლად უნდა დაეფიქსირებინა.

ვაშინგტონი სირიაში, იდლიბის პროვინციაში დახმარების გაგზავნას განიხილავს. მიუხედავად იმისა, რომ გასულ წელს თურქეთმა რუსული S-400-ები იყიდა, ანკარამ აშშ-ს პატრიოტის საჰაერო თავდაცვითი სისტემები სთხოვა. 

5 დღის წინ სირიაში აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს ჯეფრიმ სტამბოლში ვიზიტისას განაცხადა, რომ თურქეთის მიერ რუსული S-400 თავდაცვითი სისტემების შეძენა სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. 

თურქეთში აშშ-ის ელჩმა დევიდ სატერფილდმა აღნიშნა, რომ ვაშინგტონი ამ თხოვნას S-400-ების შესყიდვის კონტექსტში განიხილავდა.

გუშინ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აშშ თურქეთისთვის პატრიოტის თავდაცვითი სისტემების სავარაუდო მიყიდვაზე განაცხადა, რომ ვაშინგტონმა ანკარას სთხოვა, რომ ამ შემთხვევაში რუსული თავდაცვითი სისტემები არ უნდა გაეაქტიურებინათ.

დღეს, 11 მარტს ერდოღანმა თქვა, რომ თუ სირიაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაირღვევა თურქეთი უფრო ძლიერ სამხედრო ქმედებებისგან თავს არ შეიკავებს.

სირიაში აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თურქეთს ჰუმანიტარული დახმარება და ინფორმაციის გაზიარება უკვე შესთავაზა.

ასევე, რამდენიმე დღის წინ აშშ-მა სირიაში ასადის რეჟიმის, რუსეთის, ირანის თავდასხმებისგან გამოწვეული კრიზისის საპასუხოდ სირიელი ხალხისთვის ჰუმანიტარული დახმარების სახით დამატებით 108 მილიონი აშშ დოლარი გაიღო. 

შეგახსენებთ, რომ რუსული S-400 ტიპის ანტისარაკეტო სისტემის განთავსების გამო აშშ-მა თურქეთი ამერიკული F-35 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების პროგრამიდან მოხსნა. 

ვაშინგტონში მიაჩნიათ, რომ S-400 სისტემისა და F-35 თვითმფრინავების ერთად განლაგება რუსეთს საშუალებას მისცემს, ინფორმაცია მოიპოვოს თვითმფრინავების სისტემაზე და საფრთხეს შეუქმნის მას.

დეკემბერში აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათან კომიტეტმა 18 ხმით 4-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა თურქეთისათვის სირიაში სამხედრო ოპერაციის და რუსული S-400 ტიპის სარაკეტო სისტემების შეძენის გამო სანქციების დაწესების კანონპროექტს. რუსეთისა და თურქეთის შეთანხმება აშშ-ის 2017 წელს მიღებულ სანქციების კანონს (CAATSA/პასუხი ამერიკის მოწინააღმდეგეებს სანქციების აქტის მეშვეობით) არღვევს, რითაც ქვეყნებს, რომლებიც რუსეთთან სამხედრო სფეროში ბიზნესს აწარმოებენ, სანქციები ეკისრებათ.

5 მარტს პუტინმა და ერდოღანმა იდლიბში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მოაწერეს ხელი.

შეთანხმების მიხედვით უნდა შეიქმნას 6 კილომეტრიანი ზონა იდლიბის პროვინციაში გამავალი მნიშვნელოვანი მაგისტრალის M4-ის ჩრდილოეთით და სამხრეთით. მაგისტრალი ალეპოს და ლატაკიას აკავშირებს. 15 მარტიდან მაგისტრალზე პატრულირებას რუსეთის და თურქეთის ერთობლივი პატრული განახორციელებს.

მოლაპარაკებებისას ერდოღანმა ვერ მიაღწია შეთანხმებას მის ერთ-ერთ მთავარ მოთხოვნაზე - უკან დაეხია ასადის ძალებს ახლად აღებული ტერიტორიებიდან. შეთანხმებაში ასევე არაა ნახსენები უსაფრთხო ზონის შექმნა, სადაც სირიელი მიგრანტები თავის შეფარებას შეძლებენ.

კომენტარები