კორონავირუსი

მთავარი არხის ჟურნალისტი კარანტინში გადაიყვანეს

itv

მთავარი არხის ჟურნალისტი, ირაკლი ვაჩიბერაძე რომელმაც კორონავირუსით ინფიცირებულს ინტერვიუ ჩამოართვა, კარანტინში გადაიყვანეს. ინფორმაციას მთავარი არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ნოდარ მელაძე ავრცელებს. 

ჟურნალისტმა ინტერვიუ საჩხერეში, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილესთან, იური ნოზაძესთან ჩაწერა, რომლის შვილსაც კორონავირუსი დაუდასტურდა. დღეს, 11 მარტს, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ კორონავირუსი თავად ნოზაძესაც დაუდგინეს.

ნოდარ მელაძის ინფორმაციით, ჟურნალისტმა არ იცოდა, რომ პირი, რომლისგანაც ინტერვიუს იღებდა, თვითიზოლაციაში იყო. 

"ორშაბათს ირაკლი ამზადებდა რეპორტაჟს, თემაზე რატომ მოხდა თბილისიდან პაციენტის გადაყვანა საჩხერის საავადმყოფოში, ამ რეპორტაჟის მომზადების დროს იმყოფებოდა, სახლში ინფიცირებულის ოჯახთან, სწორედ ამ დროს გავიგეთ რომ ეს ოჯახიც იმყოფებოდა თვითიზოლაციაში", - წერს მელაძე.  

მელაძე განმარტავს, რომ გადაღება ღია სივრცეში, დაცული დისტანციიდან ხდებოდა, თუმცა "რეკომენდირებულია საკარანტინე სივრცეში ყოფნა და გადავიდა კარანტინში."

საქართველოში კორონავირუსის 23 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი. გუშინ, 10 მარტს, კორონავირუსით ბავშვის დაინფიცირების პირველი შემთხვევა გამოვლინდა. დაინფიცირებული 12 წლის მოზარდი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობაც მსუბუქია.

კომენტარები