ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი

მთავრობამ ანაკლიის კონსორციუმთან დავისთვის კომპანია 319 ათას დოლარად დაიქირავა

ბია

საქართველოს მთავრობამ, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის სააგენტოს სახით, ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან საარბიტრაჟო დავისთვის კომპანია White&Case LLP დაიქირავა. 

სააგენტოსა და იურიდიულ კომპანიას შორის გაფორმებული ხელშეკრულების ღირებულება 319 ათასი დოლარია, ხოლო ხანგრძლივობა სამი თვე. ამ დროის განმავლობაში კომპანია სააგენტოს უნდა გაუწიოს კონსულტაცია და იურიდიული მომსახურება ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან ჩაშლილი ხელშეკრულების საკითხთან დაკავშირებით. 

სააგენტოს მხრიდან ხელშეკრულებას ხელს სააგენტოს დირექტორი დავით ჯავახაძე აწერს. ხელშეკრულება კი 3 მარტს არის გაფორმებული. როგორც ხელშეკრულებაშია აღნიშნული კომპანიის თვიური ანაზღაურება გადასახადებისა და ჰონორარების გარეშე, სამუშაო საათების მიუხედავად 110 ათასი დოლარია. 

საქართველოს მთავრობამ შპს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულება, კონსორციუმის მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, 2020 წლის 9 იანვარს შეწყვიტა. 

მალევე ცნობილი გახდა, რომ ანაკლიის განვითარების კონსორციუმი ამ გადაწყვეტილებას საერთაშორისო არბიტრაჟში გაასაჩივრებდა. როგორც კონსორციუმის დირექტორმა, ლევან ახვლედიანმა განაცხადა, არბიტრაჟში საქმის წარმოება დაწყება მარტში უნდა დაწყებულიყო. 

კომენტარები