აშშ - ზიმბაბვე

აშშ ზიმბაბველ მაღალჩინოსნებს აქციის დარბევის, ოპოზიციის შევიწროების გამო სანქციებს უწესებს

Al-Monitor

11 მარტს ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა ზიმბაბვეს უშიშროების მინისტრს ოვენ ნკუბეს და ტანზანიაში ზიმბაბვეს ელჩს ანსელემ სანიატვეს ადამიანის უფლებების დარღვევისთვის, მათ შორის, მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევისა და ოპოზიციის შევიწროების გამო, სანქციები დაუწესა.

უშიშროების მინისტრს ბრალს სდებენ, რომ მან უშიშროების ძალებს ზიმბაბვეს ოპოზიციის წარმომადგენლების გატაცება, არასათანადოდ მოპყრობა დაავალა. აშშ ტანზანიაში ზიმბაბავეს ელჩს, წარსულში ეროვნული სამხედრო ძალების პრეზიდენტის დაცვის ბრიგადის მეთაურ სანიატვეს კი სპეცრაზმისთვის 2018 წლის არჩევნების შემდეგ საპროტესტო აქციებზე მომიტინგეების დარბევის დავალების გაცემისთვის სდებს ბრალს.

სანქციებით მათ აშშ-ში არსებული ნებისმიერი აქტივი გაეყინათ და ამერიკელებს მათთან ბიზნესის კეთება აეკრძალათ.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ ზიმბაბვეს მთავრობას დაჟინებით მოუწოდა, რომ დაუყოვნებლივ დაესრულებინათ სახელმწიფოს მიერ წამოწყებული ძალადობა, მათ შორის, მშვიდობიანი  მომიტინგეების, სამოქალაქო საზოგადოების, მუშათა ლიდერების და ოპოზიციის წარმომადგენლების წინააღმდეგ. ასევე, პომპეომ ზიმბაბვეს გამოძიების დაწყებისა და ადამიანის უფლებების დამრღვევი პირების პასუხისგებაში მიცემისკენ მოუწოდა.

"ზიმბაბვეში პოლიტიკური და სამხედრო ლიდერები პოლიტიკური დისიდენტებისა და მშვიდობიანი მომიტინგეების გასაჩუმებლად ძალადობას არაერთგზის იყენებდნენ," - თქვა აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ვიცე მდივანმა ჯასტინ მუზინიჩმა.

2019 წელს სახელმწიფო დეპარტამენტმა სანიატვეს და ნკუბეს აშშ-ში შესვლა აუკრძალა.

2018 წლის აგვისტოში ზიმბაბვეში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში რობერტ მუგაბეს მოკავშირემ, ემერსონ მნანგაგვამ გაიმარჯვა. მან ხმათა 50.8% მოიპოვა. ოპოზიცია არჩევნების გაყალბებაზე საუბრობდა და შედეგები გააპროტესტა. საპროტესტო აქციებზე მომიტინგეები პოლიციას და ჯარისკაცებს დაუპირისპირდნენ, რის შედეგადაც 6 ადამიანი დაიღუპა.

2019 წლის დასაწყისში უსაფრთხოების ძალებმა სულ მცირე 12 ადამიანი მოკლეს, მას შემდეგ, რაც ეკონომიკური კრიზისის ფონზე მათ პრეზიდენტის მიერ ბენზინის ფასების 150%-ით გაზრდის გადაწყვეტილება გააპროტესტეს.

კომენტარები