სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში

სახ.დეპ. სასამართლოზე: მურუსიძე, კლანი და მოსამართლეების უვადოდ დანიშვნა

Getty Images

"მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუციით და კანონმდებლობით, სასამართლო დამოუკიდებელია, მის დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობაში ჩარევის ნიშნები რჩება. მოსამართლეები მოწყვლადი იყვნენ პოლიტიკური ზეწოლის მიმართ სასამართლო სისტემის შიგნით და გარედან" - ვკითხულობთ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში, რომელიც საქართველოში 2019 წელს ადამიანის უფლებათა მდგომარეობას აფასებს. ანგარიში 11 მარტს გამოქვეყნდა. 

ანგარიშში აღნიშნულია, რომ სახალხო დამცველი, ასევე კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის და საერთაშორისო საზოგადოება განგრძობითად გამოთქვამდნენ შეშფოთებას სასამართლოს დამოუკიდებლობის ნაკლებობის გამო. მათ წელს, სხვა პრობლემებს შორის, გამოყვეს მოსამართლეთა იმ ჯგუფის გავლენა (უმეტესად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისა და სასამართლოს თავმჯდომარეების შემადგენლობით), რომლებიც, სავარაუდოდ, ახშობდნენ კრიტიკულ აზრებს სისტემის შიგნით და ბლოკავდნენ სასამართლოს დამოუკიდებლობის გასაძლიერებელ ინიციატივებს. 

პრობლემებს შორის გამოყოფილია: იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გავლენა ინდივიდუალური მოსამართლეების დამოუკიდებლობაზე, საქმეების გადანაწილების სისტემის მანიპულაცია, უმაღლესი საბჭოს საქმიანობაში გამჭვირვალობის ნაკლებობა, და ნაკლოვანებები უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლეებისა და სასამართლოს თავმჯდომარეების დანიშვნაში.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2018 წლის ბოლოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ  10 კონტრავერსიული კანდიდატი წარადგინა უზენაეს სასამართლოში, ხოლო კორუფციაში დადანაშაულებული ლევან მურუსიძე სააპელაციო სასამართლოში დანიშნა უვადოდ. სახელმწიფო დეპარტამენტი იხსენებს, რომ ამას სამოქალაქო საზოგადოების, ოპოზიციისა და მმართველი გუნდის ზოგიერთი წარმომადგენლის კრიტიკა მოჰყვა. მურუსიძე და სხვა კანდიდატები კი ანტი-რეფორმისტი მოსამართლეების გავლენიანი ჯგუფის. ე.წ. კლანის წევრობაში დაადანაშაულეს. მათ ასევე გააკრიტიკეს ნომინირების პროცედურები და კრიტერიუმები. 

ანგარიშში იხსენებენ კანდიდატურების უკან გაწვევას, პროცედურის ცვლილებას და მაისში 20 კანდიდატის  წარდგენას საბჭოს მიერ, რომელთაც შემდეგ პარლამენტშიც მოუსმინეს. ახალი პროცედურებიც ODIHR-მა გააკრიტიკა, რადგან აკლდა ღიაობა, გამჭვირვალობა. არ იყო მერიტოკრატიულ პრინციპზე დაფუძნებული შერჩევის სისტემა. ასევე, ის არ შეესაბამებოდა სრულად საერთაშორისო სტანდარტებს.

ODIHR-მა გამოყო არაერთი ნაკლი უმაღლესი საბჭოს მიერ შერჩევის პროცესში და ნომინანტებთან ინტერვიუები შეაფასა, როგორც "ძალიან დისფუნქციური და არაპროფესიონალური".

ანგარიშში აღნიშნულია, რომ საჯარო მოსმენების ხანგრძლივი პროცესის შემდეგ, რომლის დროსაც რიგმა კანდიდატებმა ვერ აჩვენებს საკმარისი კვალიფიკაცია და დამოუკიდებლობა, პარლამენტმა 14 კანდიდატი უზენაესის უვადო მოსამართლედ აირჩია 

კომენტარები