ზალკალიანი: სავალდებულო კარანტინი კიდევ 4 ქვეყნიდან შემოსულ მგზავრებს ეხებათ

დავით ზალკალიანი
საგარეო საქმეთა სამინისტრო

საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის თქმით, 14-დღიანი სავალდებულო კარანტინი ჩინეთიდა, სამხრეთ კორეიდან, ირანიდან და იტალიიდან შემოსული მგზავრების გარდა კიდევ 4 ქვეყნიდან შემოსულ მოქალაქეებს შეეხება - გერმანიიდან, საფრანგეთიდან, ავსტრიიდან და ესპანეთიდან.

"ჩვენ გვქონდა შეზღუდვები დაწესებული 4 ქვეყანაზე, იმ ქვეყნებზე, რომლებიც განსაკუთრებული რისკის ზონად არის გამოცხადებული: ჩინეთი, ირანი, სამხრეთ კორეა, იტალია. ამ ქვეყნებიდან შემოსული მოქალაქეები ექვემდებარებოდნენ 14-დღიან საკარანტინო პროცედურებს ან უნდა წარმოედგინათ ლაბორატორიის მიერ გაცემული შესაბამისი ცნობა. იგივე რეკომენდაცია ეხებოდათ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ტრანზიტის გავლით ამ ქვეყნებიდან ჩამოვიდნენ.

ამ 4 ქვეყანას კიდევ დაემატა 4 ქვეყანა: გერმანია, საფრანგეთი, ავსტრია და ესპანეთი.

საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ბოლო 14 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ ამ ქვეყნებში ან ტრანზიტად გაიარეს ისინი, ასევე ექვემდებარებიან აუცილებელ 14 დღიან საკარანტინო პირობებს. ასევე, უცხოეთის მოქალაქეებიც" - თქვა ზალკალიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

მინისტრმა მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდა, უახლოესი თვეების განმავლობაში თავი შეიკავონ ამ ქვეყნებში მოგზაურობისგან.

ზალკალიანმა ასევე აღნიშნა, რომ მთავრობა, მათ შორის საგარეო საქმეთა სამინისტროც საგანგებო მუშაობის რეჟიმზე გადადის.

"გუშინ საკონსულოებს და საელჩოებს მივეცით რეკომენდაცია, რომ გადავიდნენ მუშაობის საგანგებო რეჟიმზე, გამომდინარე იქიდან, რომ იმ ქვეყნებში, სადაც ისინი არიან, ყოველდღიურად უწევთ კომუნიკაცია ადგილობრივ მოსახლეობასთან.

ჩვენი რეკომენდაციაა, რომ მოქალაქეები, რომლებიც იმყოფებიან სხვა ქვეყნებში საელჩოებსა და საკონსულოებში არ მივიდნენ გადაუდებელი აუცილებლობის გარეშე", - თქვა ზალკალიანმა.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 24 დადასტურებული შემთხვევაა, მსოფლიოში - 126 410; გავრცლეებულია 124 ქვეყანაში. ახალი კორონავირუსი მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ 11 მარტს პანდემიად გამოაცხადა.

კომენტარები