ახალი კორონავირუსი

წულუკიანი: თუ არ არსებობს რაიმე გარდაუვალი აუცილებლობა, ნუ მობრძანდებით იუსტიციის სახლებში

0 კომენტარი
ფოტო: იუსტიციის სამინისტრო

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი კორონავირუსის გამო, მოქალაქეებს მოუწოდებს, მომდევნო ორი კვირის მანძილზე, მაქსიმალურად შეიკავონ თავი იუსტიციის სახლებში, რეესტრებში, სანოტარო ბიუროებში მისვლისგან, თუკი ამის გადაუდებელი აუცილებლობა არ არსებობს. 

წულუკიანმა ასევე მოქალაქეებს მოუწოდა, თუკი შესაძლებელია, სხვადასხვა მომსახურება მიიღონ ონლაინ რეჟიმში. 

"იუსტიციის სახლები, ასევე სანოტარო ბიუროები ემსახურებიან დღეში 30 000-ზე მეტ მოქალაქეს. მე მინდა მოგმართოთ ყველას და მოგიწოდოთ, დღეიდან მომდევნო ორი კვირის განმავლობაში, თუ არ არსებობს რაიმე გარდაუვალი აუცილებლობა ნუ მობრძანდებით იუსტიციის სახლებში, საზოგადოებრივ ცენტრებში, რეესტრების ტერიტორიულ სამსახურებსა და სანოტარო ბიუროებში. გარდაუვალი აუცილებლობა არის აუცილებლობა, რომლის გადადებაც გვიანდელი დროისთვის არ შეგიძლიათ. ეს არ არის მხოლოდ მოწოდება, ეს არის პრინციპული მოწოდება და თხოვნა იმისთვის, რომ ჩვენ ყველამ მივიღოთ მონაწილეობა კორონას პრევენციისთვის. ასევე, თუ შეგიძლიათ ესათუის მომსახურება მიიღოთ ონლაინ,  ჩვენ გამოვაქვეყნებთ იმ სერვისების ნუსხას, რომელიც შესაძლებელია ონლაინ," - თქვა წულუკიანმა. 

მანვე აღნიშნა, რომ თუკი მოქალაქე გადაუდებელი აუცილებლობის პირობებში ესტუმრება იუსტიციის სახლს, აუცილებელია, მივიდეს თანმხლები პირების გარეშე. 

"მნიშვნელოვანი არის, რომ მოქალაქე, რომელსაც ექნება გადაუდებელი აუცილებლობა და მობრძანდება იუსტიციის სახლში, მან თავი შეიკავოს თან ჰყავდეს თანხმლები პირები. ეს არის კლასიკური შემთხვევა, განსაკუთრებით დიდ იუსტიციის სახლებში, მოქალაქეები მოდიან თანხმლებ პირებთან ერთად. გთხოვთ, ამისგანაც შეიკავოთ თავი, რადგან ჩვენი მიზანია რაც შეიძლება ნაკლები ადამიანი მოძრაობდეს საჯარო ადგილებში," - აღნიშნა წულუკიანმა. 

კორონავირუსი საქართველოში უკვე 24 ადამიანს დაუდასტურდა. უკანასკნელი ინფორმაციით, კარანტინის რეჟიმში 298, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 46 ადამიანი იმყოფება. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ცოლის ცემისთვის თბილისში 34 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები