საპატრიარქო

დეკანოზი ჯაღმაიძე: ზიარების წესის გადახედვა არ იგეგმება

პირველი არხი

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ამბობს, რომ ახალი კორონავირუსის გავრცელების გაზრდილი საფრთხის მიუხედავად, საპატრიარქო არ აპირებს, გადახედოს ზიარების წესის ცვლილებას. 

"ზიარების წესთან დაკავშირებით რამდენიმე ეკლესიამ გააკეთა განმარტება და ანალოგიური იყო იმ განმარტებისა, რაც ჩვენთან გაკეთდა, რომ ერთი ბარძიმიდან ზიარება ეს არის შემადგენელი ნაწილი ამ საიდუმლოსი და ამიტომ ამის გადახედვა არ იგეგმება,"- ამბობს დეკანოზი. 

11 მარტს გაკეთებულ განცხადებაში, რომელიც ეკლესიაში სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარებას ეხებოდა, დეკანოზი ჯაღმაიძე წერდა, რომ საპატრიარქო მზად არის, რომ "ყველა რეკომენდაცია, რაც იქნება შესასრულებელი, აუცილებლად" გაითვალისწინონ. 

მისივე თქმით, სადეზინფექციო სამუშაოები ეკლესიებში რამდენიმე დღეში დაიწყება მას შემდეგ, რაც ერთერთი კომპანია უსასყიდლოდ გადასცემს საპატრიარქოს შესაბამის ხსნარს. სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების თხოვნით საპატრიარქომ დაავადებათა კონტროლის ცენტრს 10 მარტს მიმართა

ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტურმა ეკლესიამ ზიარების წესი შეცვალა, ეპისკოპოსმა მალხაზ სონღულაშვილმა კი სხვა სასულიერო პირებს ღია წერილით მიმართა და თქვა, რომ ქრისტიანულმა ეკლესიებმა საგანგებო სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ, რადგან ევქარისტიის აღსრულება ეპიდემიის გავრცელების მიზეზი ადვილად შეიძლება გახდეს. 

ქართველ მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარემ, ტარიელ ნაკაიძემ, კი თქვა, რომ ისინი მზად არიან, ყველა რეკომენდაცია გაითვალისწინონ და ასევე მზად არიან, მკაცრი რეკომენდაციის შემთხვევაში მეჩეთებში პარასკევის ლოცვაც შეაჩერონ. 

ამ დროისთვის, 12 მარტის მონაცემებით საქართველოში კორონავირუსის 24 დადასტურებული შემთხვევაა. ვირუსის შიდა გადაცემის შემთხვევა ქვეყანაში ამ დრომდე არ მომხდარა. 

ეპიდემიოლოგები და საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი თვითიზოლაციის, ხელების ხშირი დაბანის, მხოლოდ საკუთარი ჭურჭლის გამოყენების ინსტრუქციებს გასცემს. 2 კვირით შეწყდა სწავლა ბაღებში, სკოლებსა და უნივერსიტეტებში, ასევე, დროებით გაუქმდა სპექტაკლები და გადაიდო ღონისძიებები, სადაც ბევრი ადამიანი უნდა შეკრებილიყო.

თუმცა, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქომ არაერთხელ განაცხადა, რომ ზიარების წესის შეცვლას არ აპირებს და მრევლი, ათობით ადამიანი კვლავ ერთი კოვზით ეზიარება. ეკლესია ამბობს, რომ ამას ათასწლოვანი პრაქტიკის განმავლობაში სიცოცხლისთვის საშიში ინფექცია არაერთხელ გავრცელებულა, თუმცა "ასეთ პერიოდებში მართლმადიდებელი მორწმუნენი არათუ უშინდებოდნენ საერთო ბარძიმიდან საერთო კოვზით ზიარებას, პირიქით, კიდევ უფრო ხშირად მიეახლებოდნენ ამ სიწმინდეს".

კომენტარები