გუკა რჩეულიშვილი

პროკურატურამ გუკა რჩეულშვილზე ძებნა გამოაცხადა

ტაბულა

მთავარი პროკურატურის ცნობით, გუკა რჩეულიშვილზე ძებნაა გამოცხადებული.

უწყება აცხადებს, რომ თბილის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა გაიზიარა და რჩეულიშვილს ცოლის, ლელა კილაძის მიმართ შემაკავებელი ორდერის დარღვევის გამო პატიმრობა შეუფარდა.

თუმცა, სასამართლომ გადაწყვეტილება დაუსწრებლად გამოიტანა, ვინაიდან რჩეულიშვილი პროცესზე არ გამოცხადდა. პროკურატურის განცხადებით, ის გამოძიებას თავს არიდებს, შესაბამისად, პროკურორის დადგენილებით მასზე ძებნა გამოცხადდა.

"გამოძიებით დადგინდა, რომ გურამ რჩეულიშვილს 2020 წლის 25 თებერვალს გამოცემული შემაკავებელი ორდერით 30 დღით აეკრძალა მეუღლესთან -ლ.კ.-სთან რაიმე ფორმით, მათ შორის სატელეფონო ან სხვა რაიმე ტექნიკური საშუალების გამოყენებით კომუნიკაცია.

მიუხედავად აღნიშნულისა, რჩეულიშვილმა 2020 წლის 8 მარტს ღამის საათებში ლელა კილაძის ადგილსამყოფელის დადგენისა და შეხვედრის ორგანიზების მიზნით, მოკლეტექსტური და ხმოვანი შეტყობინებები გაუგზავნა, რითაც დაარღვია შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები.

აღსანიშნავია, რომ შემაკავებელი ორდერის დარღვევის ფაქტთან დაკავშირებით დაბარებულმა გურამ რჩეულიშვილმა 11 მარტს პოლიციის განყოფილებაში მოთეთრო ფერის ქაღალდში შეხვეული, ასევე თეთრი ფერის ფხვიერი მასა წარადგინა, რომელიც მისი განმარტებით, კოკაინი იყო და რომლის ნაწილიც თავად მოიხმარა.

გამოძიება ამასთან დაკავშირებითაც დაიწყო 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის მუხლით.

სამართალდამცველებმა რჩეულიშვილისგან წარმოდგენილი ზემოაღნიშნული ნივთიერება ამოიღეს, ხოლო მისი პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა ერთჯერადი მოხმარების ე.წ. ინსულინის შპრიცი მასში არსებული მოთეთრო ლაქით. ამოღებულ ნივთებზე დაინიშნა ქიმიური ექსპერტიზა.

გურამ რჩეულიშვილის ნარკოლოგიური კვლევის შედეგად ნარკოტიკული საშუალებების: კოკაინის, ტეტრაჰიდროკანაბინიოლისა და ტრამადოლის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს", - წერია პროკურატურის განცხადებაში.

კომენტარები