გამყრელიძე მოქალაქეებს კორონავირუსთან დაკავშირებით რჩევებს კიდევ ერთხელ აძლევს

12 მარტს საქართველოში ახალი კორონავირუსის კიდევ 1 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა და ახლა ქვეყანაში სულ 25 ინფიცირებული ადამიანია.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ბრიფინგი გამართა და მოქალაქეებს ამ ინფორმაციასთან ერთად რამდენიმე რჩევა და რეკომენდაცია კიდევ ერთხელ მისცა.

"ჩვენ მსოფლიოს ნაწილი ვართ და ჩინეთს გარეთ ვითარება ყველგან უარესდება. ამიტომ, სიფრთხილე გვჭირდება.

მოგიწოდებთ, თავი შეიკავოთ საერთაშორისო მგზავრობისგან. შეიძლება მოგზაურობა, მაგრამ რჩევაა და რეკომენდაცია. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, მაღალდასენიანებულ ქვეყნებში მოგზაურობისგან. იმედი გვაქვს, რომ ჩვენ ყველა ერთად დავძლევთ ამ გამოწვევას და ისევ ვიმოგზაურებთ. მაგრამ ამ ეტაპზე თავი შევიკავოთ.

მაგრამ თუ მაინც წავედით, ნუ დავმალავთ სიმპტომებს - სურდო, ხველა, სუნთქვის გაძნელება,

ეპიდ.სიტუაცია ევროპაში ყოველ საათში იცვლება. ჯერჯერობით, იმ 125 ქვეყნიდან, სადაც ვირუსი გამოვლინდა, ახალი შემთხვევების რაოდენობა ყველგან მზარდია. რომ მეკითხებიან, გვექნება ახალი შემთხვევები საქართველოში? - კი ბატონო, გვექნება. მაგრამ ჩვენი ყველას მოვალეობაა, რომ ახალი შემთხვევების ალბათობა მინიმუმამდე დავიყვანოთ. ამისთვის უნდა გავაკეთოთ ის, რასაც მოგიწოდებთ:

არ ვიმოგზაუროთ. თუ მაინც ვიმოგზაურებთ, იმ 8 ქვეყნიდან (ჩინეთი, ირანი, იტალია, სამხრეთ კორეა, საფრანგეთი, ავსტრია, გერმანია), წავიდეთ ან თვითიზოლაციაში, ან კარანტინში.

თუ ვართ თვითიზოლაციაში, დავიცვათ წესები და მე მინდა, მივმართო ამ ადამიანებს, 1000-მდე ადამიანია თვითიზოლაციაში - ნუ დაარღვევენ ამ წესებს. თუ თვითიზოლაციის დროს გამოუვლინდებათ სიმპტომები, ვთხოვთ, რომ დაურეკონ ექიმს. ადრეც ვამბობდით, რომ მიემართათ, მაგრამ დღეს ვამბობ - დაურეკეთ, რომ რაც შეიძლება, ნაკლები იყოს პირდაპირი კონტაქტები. რათა თავი ავარიდოთ დიდ რიგებს, დიდ თავყრილობებს.

დაავადებათა კონტროლის ცენტრში გავაუქმეთ ყველა მივლინება, ყველა ტრენინგი, ყველა თავყრილობა. ჩვენ ამას ვეძახით დისტანცირებას, რაც შეიძლება ნაკლები ადამიანი რომ შეიკრიბოს ერთად. თქვენც ამას გირჩევთ", - თქვა გამყრელიძემ.

კომენტარები