ფონდი ქართუ

"ქართუ" მზადყოფნას გამოთქვამს, სახელმწიფოს ფინანსურად დაეხმაროს

George Nebieridze / BuzzFeed

ქართული ოცნების თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული ფონდი "ქართუ" კორონავირუსის გამო საქართველოში შექმნილ სიტუაციას ეხმაურება და მზადყოფნას გამოთქვამს, სახელწიფოს, "საჭიროების შემთხვევაში", ფინანსურად დაეხმაროს. 

"ქართუ ფონდი, თავის მხრივ, გამოთქვამს მზადყოფნას, ნებისმიერი საჭიროების, ნებისმიერი შესაძლო ფინანსური თუ სხვა სახის დანაკლისის შემთხვევაში, საკუთარი სახსრებით შეავსოს ეს დანაკლისი და სახელმწიფოს გამოუყოს იმ მოცულობის ფინანსური რესურსი, რაც საჭირო იქნება ვირუსის გავრცელების საფრთხისგან საზოგადოების მაქსიმალურად დასაცავად", - წერია განცხადებაში, რომელსაც ქართული ოცნება ავრცელებს. 

განცხადებაში ფონდი ქართუ მადლობას უხდის საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს, იმუნოლოგიისა და ეპიდემიოლოგიის ცენტრს, ინფექციურ საავადმყოფოს, პროფილურ კლინიკებს, საქმეში ჩართულ ექიმებსა და სპეციალისტებს. 

"ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხალხს ბევრი გამოწვევა დაუძლევია და დარწმუნებულები ვართ, ცივილიზებული მსოფლიოს კვალდაკვალ, ერთმანეთის თანადგომით, ამ გამოწვევასაც წარმატებით გავუმკლავდებით", - წერია განცხადებაში. 

საქართველოში კორონავირუსის 25 შემთხვევაა დაფიქსირებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა.

კომენტარები