ოპოზიციური პარტიები სასამართლოს რეფორმაზე შეთანხმდნენ

ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები თანხმდებიან, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ბიძინა ივანიშვილის დამარცხების შემდეგ სასამართლო სისტემის რეფორმისთვის კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამენ, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის მისაღწევად და მისი ნდობის სწრაფი აღდგენის მიზნით.

ეს ნაბიჯებია:

  1. ნაფიცი მსაჯულების ინსტიტუტის შემოღება რეფორმის დაწყებიდან პირველი წლის ბოლოს მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებზე; შემდეგი ოთხი წლის მანძილზე - ყველა დანაშაულზე, რომელიც პატიმრობას ითვალისწინებს;
  2. 2021 წლის ბოლომდე მოსამართლის არჩევითობის შემოღება პირველ ინსტანციაში, რომელიც განიხილავს საქმეთა უმრავლესობას; სისხლის სამართლის საქმეებში ბრალდებულს, ნაფიც მსაჯულთან ერთად, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებში კი მოსარჩელეს, ექნება შესაძლებლობა აირჩიოს მისი საქმის განმხილველი მოსამართლე იქნება დანიშნული თუ პირდაპირი წესით არჩეული მოსამართლე;
  3. საკონსტიტუციო ცვლილებით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოქმედი შემადგენლობისთვის უფლებამოსილების შეწყვეტა, უზენაესი და საკონსტიტუციო სასამართლოების გაერთიანება; საკონსტიტუციო ცვლილების გზით - 2017 წლიდან მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის ყველა აქტის გაუქმება.
  4. უზენაეს და სააპელაციო ინსტანციებში აშშ-სა და გაერთიანებული სამეფოდან მოსამართლეების დანიშვნა ხანგრძლივი ვადით, რომლებიც ყველა შესაძლო კოლეგიის უმრავლესობას უნდა შეადგენდნენ;
  5. სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ასევე სახელმწიფოსა და ბიზნესს ან მოქალაქეს შორის (სამოქალაქო ან ადმინისტრაციულ) დავებზე, აშშ-ს უზენაესი სასამართლო გადაწყვეტილებების სამართლებრივ პრეცედენტებად აღიარება.

"ნამდვილად უპრეცედენტო შემთხვევაა, როცა სრულიად განსხვავებული პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ძალიან ხშირად ვერ ვთანხმდებით ბევრ საკითხში, დღეს ვთანხმდებით უმნიშვნელოვანეს საკითხზე - სასამართლოს რეფორმაზე. ეს არის მისასალმებელი, ვინაიდან ეს არის გარანტია, რომ ივანიშვილის ხელისუფლების დამარცხების შემდეგ სასამართლო, ერთხელ და სამუდამოდ, იქნება პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალი. შეთანხმების მრავალპარტიული ბუნება ასევე არის გარანტია, რომ მრავალპარტიული ხელისუფლების პირობებში ასევე ერთხელ და სამუდამოდ, ნანატრი, პირუთვნელი და დამოუკიდებელი სასამართლო ექნება ქვეყანას და მოქალაქეს მოსამართლის არ შეეშინდება", - თქვა ენმ-ის წევრმა, ნიკა მელიამ.

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბაქრაძის თქმით:

"დღეს ოპოზიციური პარტიები აჩვენებენ, რომ ჩვენი მიზანი მხოლოდ ივანიშვილის დამარცხება არ არის. ჩვენ გვინდა ივანიშვილის დამარცხება უკეთესი საქართველოს ასაშენებლად. დღეს ხელი ეწერება შეთანხმებას, რომელიც იქნება უკეთესი საქართველოს აშენების საფუძველი. დღეს კიდევ ერთხელ ჩანს, რამდენად პასუხისმგებლიანად და გააზრებულად მოქმედებს ერთიანი ოპოზიცია. ჩანს, რომ ეს არის ღირებულებითი ერთიანობა".

ალეკო ელისაშვილმა თქვა:

"ბოლო 30 წლის განმავლობაში ეს არის გამონაკლისი, როცა ჩვენ, აბსოლუტურად განსხვავებული ადამიანები, ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენლები, ხელს ვაწერთ, ერთგვარად ფიცს ვდებთ იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს არჩევნების შემდეგ საქართველო. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, თუ როგორ უნდა დავიწყოთ საბჭოთა მმართველობის სისტემის დაშლა, იმიტომ რომ ამ ხნის განმავლობაში ჩვენ გვაქვს სახელით სხვა და არსით საბჭოთა სისტემის ინერცია".

კომენტარები