კორონავირუსი

სამხრეთ კორეაში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან მეტი გამოჯანმრთელდა, ვიდრე დაავადდა

KFGO

სამხრეთ კორეაში 20 იანვრის შემდეგ, როდესაც ქვეყანაში კორონავირუსით დაავადების პირველი შემთხვევა დადასტურდა, ბოლო 24 საათში პირველად ახალი ვირუსით დაავადებულთაგან მეტი გამოჯანმრთელდა, ვიდრე დაინფიცირდა.

აზიაში ჩინეთის შემდეგ სამხრეთ კორეაში კორონავირუსით ყველაზე მეტი დაავადებულია. სამხრეთ კორეა აზიის მეოთხე უდიდესი ეკონომიკაა.

13 მარტს სამხრეთ კორეის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მონაცემებით, 110 პირი დაავადდა, წინა დღით ეს რიცხვი 114 იყო. ამჟამინდელი ინფორმაციით, სამხრეთ კორეაში კორონავირუსით დაავადების ჯამში 7 979 შემთხვევა დადასტურდა. 

13 მარტის მონაცემებით, ბოლო 24 საათში 177 პირი გამოჯანმრთელდა და საავადმყოფოებიდან გაწერეს, სულ 510 პირია გამოჯანმრთელებული. გუშინ ვირუსით დაიღუპა 5 ადამიანი, ჯამში 71.

7 398 კვლავ მკურნალობას განაგრძობს, აქედან 93-ის მდგომარეობა სერიოზული ან კრიტიკულია. 

კორეის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელის იეონგ ეუნ კიეონგის თქმით, ეს ტენდენცია სავარაუდოდ შენარჩუნდება.

ამის მიუხედავად, პრემიერმინისტრმა ჩუნგ სიე-კიუნმა განაცხადა, რომ კვლავ არსებობდა შეშფოთება უცხოეთიდან ჩამოსულებისგან, ასევე, ცხელი ხაზის ცენტრებიდან, კომპიუტერების კაფეებიდან და კარაოკე ბარებიდან დაავადების სავარაუდო გავრცელებაზე.

სამხრეთ კორეაში დაავადების ახალი გავრცელების კერა სეულში ერთერთ ცხელი ხაზის ცენტრში და ქალაქ სეიონგში მეთევზეობის სამინისტროში აღმოცენდა. ცხელი ხაზის ცენტრში 109 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ცენტრის 800 თანამშრომელი კარანტინშია ან კორონავირუსზე ამოწმებენ.

110 ახალი შემთხვევიდან 61 ქალაქ დაეგუში დადასტურდა, სადაც დაავადება ერთერთი რელიგიური სექტიდან გავრცელდა. 17 შემთხვევა ქალაქ სეიონგში, ხოლო 13 დედაქალაქში დადასტურდა.

სეულის გადაწყვეტილებით ქალაქის 10 500 კომპიუტერების კაფესა და კარაოკე ბარებში ფართო შემოწმებები დაიწყება.

რაც შეეხება ჩინეთს, ჩინეთის 13 მარტის ინფორმაციით, ქვეყანაში დაავადებით 8 პირი დაინფიცირდა, აქედან 5 ვუხანში.

მსოფლიოში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილია 4 700-ზე მეტი ადამიანი. გამოვლინდა კორონავირუსით ინფიცირების 127 000-ზე მეტი შემთხვევა, აქედან 68 000-ზე მეტი ადამიანი გამოჯანმრთელდა.

ჩინეთის შემდეგ, კორონავირუსით დაავადების ყველაზე მეტი შემთხვევა ამჟამად იტალიაშია დადასტურებული - 15,113 დაავადების შემთხვევა. ჩინეთს გარეთ გარდაცვალების ყველაზე მეტი, 1,016 შემთხვევაც იტალიაშია. კორონავირუსის გამო 10 მარტს მთელი იტალია ჩაკეტეს.

რაც შეეხება საქართველოს, ამჟამინდელი მონაცმებით, ქვეყანაში კორონავირუსის 25 შემთხვევაა დადასტურებული​. უკანასკნელი ინფორმაციით, კარანტინის რეჟიმში 245, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 58 ადამიანი იმყოფება.

კომენტარები