რუსეთი

რუსი დეპუტატი: რუსეთის 85-ვე რეგიონალურ პარლამენტში საკონსტიტუციო რეფორმას მხარი დაუჭირეს

ვლადიმირ პუტინი

13 მარტს რუსმა დეპუტატმა, ანდრეი კლიშასმა განაცხადა, რომ რუსეთის 85-ვე რეგიონალურ პარლამენტში მხარი დაუჭირეს კანონპროექტს, რომელიც პუტინს საპრეზიდენტო ვადებს გაუნულებს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

"ფედერაციულმა საბჭომ ყველა, 85 რეგიონალური პარლამენტიდან ხმის მიცემის შედეგები მიიღო. ყველა დადებითია," - განაცხადა მან. 

12 მარტს რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატის სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა დეპუტატებს მოუწოდა, რომ ვლადიმერ პუტინს გვერდში დადგომოდნენ საგარეო კამპანიის მიერ საკონსტიტუციო რეფორმის დისკრედიტაციის წინააღმდეგ. 

10 მარტს რუსეთის დუმამ მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ საპრეზიდენტო ვადების განულებას. პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის შემდეგ ცვლილებას მხარი დაუჭირა 380-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი იყო 43.

პუტინს 2024 წელს ზედიზედ მეორე, ჯამში კი მეოთხე საპრეზიდენტო ვადის დასრულების შემდეგ მომდევნო არჩევნებში მონაწილეობის მიღება არ შეეძლო, თუმცა ახალი ცვლილება მას ვადას გაუნულებს და საშუალებას მისცემს კიდევ ერთი, ან ორი ვადით იყაროს კენჭი და ძალაუფლებაში კიდევ 6 ან 12 წლით დარჩეს.

აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე პუტინი უარყოფდა 2024 წლის შემდეგ ხელისუფლებაში დარჩენის შესაძლებლობას, თუმცა ბოლო ინტერვიუში ისაუბრა იმაზე, რომ რუსეთს ძლიერი პრეზიდენტი სჭირდება.

კომენტარები