20 ივნისის აქციაზე დაკავებულები

20 ივნისის საქმეზე დაკავებული ბესიკ თამლიანი პატიმრობაში დატოვეს

ტაბულა

20 ივნისის საქმეზე დაკავებული ბესიკ თამლიანი პატიმრობაში რჩება. 

თამლიანს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა აქვს შეფარდებული. მისი ადვოკატი, ლევან იოსელიანი, აღკვეთის ღონისძიების შეცვლას და მისთვის 1 000 ლარის ოდენობით გირაოს შეფარდებას ითხოვდა. მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. 

ბესიკ თამლიანს გამოძიება ჯგუფურ ძალადობას ედავება. ის კახაბერ კუპრეიშვილთან, ცოტნე სოსელიასთან და ზურაბ ბუდაღაშვილთან ერთად დააკავეს. კუპრეიშვილს, სოსელიასა და ბუდაღაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ და გათავისუფლდნენ. რაც შეეხება თამლიანს, ის საპროცესო შეთანხმებაზე თანახმა არაა - ბრალს არ აღიარებს.

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის 8 მარტის შეთანხმება პოლიტპატიმრების გათავისუფლებასაც ითვალისწინებს. მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნება ქვეყანაში პოლიტპატიმრების არსებობას არ აღიარებს, ოპოზიციის ინფორმაციით, 8 მარტის შეხვედრაზე საუბარი იყო კონკრეტულ სახელებსა და გვარებზე, მათ შორის, 20 ივნისის საქმეზე დაკავებულებზე. 

კომენტარები