კორონავირუსი

უკრაინაში Covid 19-ით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დადასტურდა, ინფიცირებული რჩება 2 პირი

The Insurance Journal

უკრაინაში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დადასტურდა. სულ ქვეყანაში Covid 19-ით ინფიცირების სამი ფაქტია აღრიცხული. ამ ეტაპზე, უკრაინაში ოფიციალურად ორი დაავადებული რჩება.

კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა მსოფლიოში 5120-ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა 70 733 ადამიანი. სულ მსოფლოს 135 ქვეყანაში Covid 19-ით ინფიცირების 139 637 შემთხვევაა აღრიცხული.

ამ დროისთვის დაავადებული რჩება 63,784 ადამიანი. მათი 9%-ის (5,790 პაციენტი) მდგომარეობა სერიოზული ან კრიტიკულია.

კორონავირუსით ინფიცირების (80,815) და გარდაცვალების (3,177) ყველაზე მეტი შემთხვევა კვლავ ჩინეთშია აღრიცხული. აღსანიშნავია, რომ ბოლო კვირებში ჩინეთში ეპიდსიტუაცია უმჯობესდება - ბოლო 24 საათში მთელ ქვეყანაში მხოლოდ 22 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 8 ადამიანი.

ჩინეთის შემდეგ ყველაზე მეტი დაინფიცირებული (15,113) და დაღუპული (1,016) იტალიას ჰყავს. მას მოსდევს ირანი - 11,364 დაავადებულით და 514 გარდაცვლილით. დაავადების 7,979 შემთხვეაა გამოვლენილი სამხრეთ კორეაში, 4 334 - ესპანეთში, 3,117 - გერმანიაში, 2,876 - საფრანგეთში, 1,832 - აშშ-ში, 1,135 - შვეიცარიაში. 

რაც შეეხება საქართველოს, აქ კორონავირუსით ინფიცირების 25 შემთხვევაა დადასტურებული.

კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 11 მარტს პანდემიად გამოაცხადა.

კომენტარები