კორონავირუსი

24 მარტამდე, საქართველო-სომხეთსა და საქართველო-აზერბაიჯანს შორის გადაადგილება შეჩერდება

24 მარტამდე, საქართველო-სომხეთსა და საქართველო-აზერბაიჯანს შორის, მოქალაქეების გადაადგილება დროებით შეჩერდება. საქართველოს მთავრობის ცნობით, გადაწყვეტილება პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ, სომეხ და აზერბაიჯანელ კოლეგებთან ერთად მიიღო.

"სომხეთის პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და აზერბაიჯანის პრემიერმინისტრ ალი ასადოვთან სატელეფონო საუბრის შედეგად, მიღებულია ერთობლივი გადაწყვეტილება, 2020 წლის 14 მარტიდან, 10 დღის განმავლობაში საქართველო-სომხეთსა და საქართველო-აზერბაიჯანს შორის მოქალაქეების გადაადგილების დროებით შეჩერების შესახებ.

ამასთან, მხარეები შეთანხმდნენ, რომ უზრუნველყოფენ სამშობლოში დაბრუნების სურვილის მქონე საკუთარი მოქალაქეების ქვეყანაში შეუფერხებელ შესვლას. შეზღუდვები არ ვრცელდება სატვირთო გადაზიდვებზე" - აცხადებს საქართველოს მთავრობა.

13 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 25 შემთხვევაა ოფიციალურად დადასტურებული, სომხეთში - 8, ხოლო აზერბაიჯანში - 15, აქედან 1 გარდაიცვალა.

კომენტარები