კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: 30 იანვრიდან გვქონდა 676 ე.წ. შესაძლო შემთხვევა, დადასტურებულია 30

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ ბრიფინგი გამართა, სადაც მან 14 მარტის მონაცემებით საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირების ფაქტებსა და პაციენტების მდგომარეობაზე ისაუბრა.

მისი თქმით, პირველი პაციენტის კორონავირუსზე ტესტირებამ ერთხელ უარყოფითი აჩვენა და მეორედ უარყოფითი პასუხის განმეორების შემთხვევაში, ის საავადმყოფოდან გამოჯანმრთელებული გაიწერება.

"30 იანვრიდან მოყოლებული გვქონდა 676 ე.წ. შესაძლო შემთხვევა ჩვენი განსაზღვრებით, აქედან დადასტურებული გვაქვს დღეს დილის მონაცემებით 30 შემთხვევა. სრულად ლუგარის ლაბორატორიაში ამ ხნის განმავლობაში ტესტირებულია 700-მდე ნიმუში, ზოგიერთი უკვე განმეორებით, იმიტომ რომ ბევრს გაუვიდა ე.წ. 14-დღიანი იზოლაციისა და მკურნალობის ვადა. სასიხარულო გარკვეულად არის, რომ პირველი შემთხვევა, 2-3 დღის წინ, როდესაც გაიტესტა, გახლდათ სუსტად დადებითი. ამიტომ, ის შემთხვევა გუშინ გადამეორდა და არის უარყოფითი. თუმცა, მისი გაწერა მოხდება, როგორც ჩვენი პროტოკოლი ითვალისწინებს, როდესაც ორჯერ ზედიზედ იქნება უარყოფითი და დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს პირველი ადამიანი უკვე გამოჯანმრთელებული გაიწერება", - თქვა ამირან გამყრელიძემ.

ბრიფინგზე ამირან გამყრელიძემ ასევე თქვა, რომ საქართველოში უკვე გამოვლინდა კორონავირუსის ე.წ მესამეული გადაცემა, ანუ შიდა გადაცემა და ისინი არიან ინფიცირებული ადამიანები, რომლებსაც იტალიაში მყოფი ადამიანის კონტაქტისგან გადაედოთ ვირუსი.

საქართველოში კორონავირუსის 30 შემთხვევაა გამოვლენილი, 314 ადამიანი კარანტინში იმყოფება, დაახლოებით 1100 ადამიანი კი თვითიზოლაციაშია.

კომენტარები