თავდასხმა ერაყში

ერაყში ტაჯის ბაზაზე, სადაც ამერიკელი სამხედროები არიან, რამდენიმე რაკეტა ჩამოაგდეს

REUTERS

14 მარტს, დილით, ერაყში ტაჯის სამხედრო ბაზაზე, სადაც აშშ-ის და კოალიციური სახელმწიფოების სამხედროები არიან განლაგებულნი, მიმდინარე კვირას უკვე მეორედ სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა.

როგორც Reuters ერაყელ პოლკოვნიკზე დაყრდნობით წერს, ბაზაზე სულ მცირე 10 რაკეტის ჩამოგდების ხმა გაიგეს. 

თავდასხმაზე ამ დრომდე არცერთ ჯგუფს პასუხისმგებლობა არ აუღია, არის თუ არა მსხვერპლი - ჯერჯერობით უცნობია.

ერაყის სამხედროების ინფორმაციით, ბაზაზე 33 კატიუშას ტიპის რაკეტა ჩამოაგდეს. მათივე თქმით, თავდასხმის შედეგად ერაყის საჰაერო თავდაცვის რამდენიმე სამხედრო სერიოზულად დაშავდა.

სამხედროებმა უმ ალ-იზამის ტერიტორიაზე 7 რაკეტების გამშვები და 24 გამოუყენებელი რაკეტა იპოვნეს. მათ აღნიშნეს, რომ პასუხისმგებელ პირებს დააპატიმრებდნენ.

ერაყელი სამხედროების თქმით, ეს თავდასხმა აშშ-ს ან სხვა საგარეო ძალას არ უნდა გამოეყენებინა მიზეზად, რომ იერიშზე ერაყის დასტურის გარეშე გადასულიყო.

12 მარტს ერაყში მდებარე, ტაჯის სამხედრო ბაზაზე, რომელშიც ამერიკელი და კოალიციური სახელმწიფოების სამხედროები არიან დისლოცირებულნი სარაკეტო თავდასხმის შედეგად ერთი ბრიტანელი და ორი ამერიკელი სამხედრო დაიღუპა.

ტაჯის სამხედრო ბაზაზე განხორციელებულ შეტევამდე, გავრცელდა ცნობები კიდევ ერთი სამხედრო ობიექტზე მიტანილი შეტევის შესახებ, რომელშიც ასევე ამერიკელი სამხედროები იმყოფებიან. არსებული ინფორმაციით, შეტევის შედეგად არცერთი სამხედრო არ დაშავებულა. შემოგარენის დათვალიერების შედეგად ბაზის მახლობლად აღმოჩენილ იქნა დანადგარი და რამდენიმე რეაქტიული რაკეტა. 

აშშ-მა 12 მარტის თავდასხმაზე საპასუხოდ ერაყში ირანის მიერ მხარდაჭერილ შეიარაღებულ დაჯგუფებაზე საჰაერო თავდასხმა განახორციელა.

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის თქმით დარტყმების სამიზნეს ერაყის სხვადასხვა რეგიონში ქათა'იბ ჰეზბოლას იარაღის 5 საწყობი წარმოადგენდა.

"ირანის მიერ მართული ჯგუფი ქათა'იბ ჰეზბოლა არის ერთადერთი ჯგუფი, რომელსაც წარსულში ამ მასშტავის არაპირდაპირი თავდასხმა განუხორციელებია აშშ-ის და კოალიციის ძალების წინააღმდეგ ერაყში." განუცხადა სენარის კომიტეტს გენერალმა კენეთ მაკენზიმ.

ერაყმა აშშ-ის საპასუხო თავდასხმა დაგმო. ერაყელი მაღალჩინოსნები ამბობენ, რომ თავდასხმის შედეგად, 3 ერაყელი ჯარისკაცი, 2 პოლიციელი და ერთი მოქალაქე დაიღუპა.

ცნობისთვის, იგივე ბაზაზე შეტევა 16 თებერვალსაც განხორციელდა, მაშინ თავდამსხმელებმა კატიუშას სისტემის რაკეტები გამოიყენეს. მოგვიანებით გაირკვა, რომ შეტევის უკან პროირანული შიიტური სამხედრო დაჯგუფება ქათაიბ ჰეზბოლა იდგა. 

გასულ წელს აშშ-მა ირანის მიერ მხარდაჭერილი შიიტური სამხედრო დაჯგუფება ერაყში განხორციელებულ 13 მსგავს თავდასხმაში დაადანაშაულა. ერთ-ერთი თავდასხმის დროს, რომელიც კირკუკში სამხედრო ბაზაზე განხორციელდა, დაიღუპა ერთი ამერიკელი კონტრაქტორი. პასუხად, გასული წლის დეკემბრის ბოლოს აშშ-მა დაჯგუფების ბაზა დამბობმა. დაიღუპა სულ მცირე 25 მებრძოლი. ამას ბაღდადში აშშ-ის საელჩოსთან აქციები და საელჩოზე თავდასხმა მოჰყვა, რის ორკესტრირებაშიც აშშ-მა ირანი და კონკრეტულად კი გენერალი ყასემ სოლეიმანი დაადანაშაულა. სწორედ ამის შემდეგ გაიცა ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაციის ბრძანება თეთრ სახლში. სოლეიმანისთან ერთად აშშ-ის საჰაერო დარტყმებისას მოკლულია ქათა'იბ ჰეზბოლას ლიდერი აბუ მაჰდი ალ-მუჰანდისი.

კომენტარები