ნიკოლ ფაშინიანი და მისი ცოლი, ანა აკოფიანი თვითიზოლაციაში არიან

RFE/RL

სომხეთის პრემიერმინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი და მისი ცოლი, ანა აკოფიანი თვითიზოლაციაში იმყოფებიან.

ამის შესახებ ფაშინიანმა ფეისბუქზე, ვიდეო-მიმართვისას თქვა. ისინი კორონავირუსზე ტესტსაც ჩააბარებენ.

მიზეზად ანა აკოფიანის ბრაზილიაში ვიზიტია, სადაც ის ბრაზილიის პრეზიდენტის ცოლს შეხვდა.

როგორც ფაშინიანმა თქვა, მაშინ, როცა გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჟაირ ბოლსონარუ შესაძლოა Covid-19-ით იყოს ინფიცირებული, ის და მისი ცოლი სევანში თვითიზოლაციაში გადავიდნენ.

"ბრაზილიის პრეზიდენტის აპარატის განცხადების შემდეგ დარწმუნებული ვარ, რომ მისი ტექსტის შედეგები უარყოფითი იქნება. ამასთან, ხვალ დილით მე და ანა ტესტსაც გავიკეთებთ", - განაცხადა მან.

ჟაირ ბოლსონარუმ მისი კორონავირუსით შესაძლო დაინფიცირების შესახებ ინფორმაცია უარყო.

სომხეთში კორონავირუსით ინფიცირების 15 შემთხვევაა დადასტურებული. საქართველომ სომხეთთან, ისევე, როგორც აზერბაიჯანთან მიმოსვლა 10 დღით შეაჩერა.

კომენტარები