ცქიტიშვილი: საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების საფუძველი არ არსებობს

ინფრასტრუქტურის სამინისტრო

ინფრასტრუქტურის მინისტრი და ვიცე პრემიერი, მაია ცქიტივილი აცხადებს, რომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებაზე ვიფიქროთ ან გამოვაცხადოთ ის.

ცქიტიშვილის თქმით, ხელისუფლება ვირუსის პრევენციისთვის ყველა ზომას იღებს, მაგრამ ეს სავაჭრო ქსელების მუშაობაზე არ აისახება. მან განცხადება მთავრობის ადმინისტრაციაში გააკეთა მას შემდეგ, რაც ხელისუფლების წარმომადგენლებს და სასურსათო მაღაზიების მფლობელებს შორის შეხვედრა დასრულდა.

„მიუხედავად ბევრი გამოწვევისა, რომელსაც ჩვენი ჯანდაცვის სექტორი ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით აწყდება, საქართველოში ჯანდაცვის მდგომარეობასთან, ეპიდმდგომარეობასთან დაკავშირებით გვაქვს ძალიან კარგი ვითარება ძალიან ბევრ ქვეყანასთან მიმართებაში. იცით, რომ გვყავს 30 პაციენტი. ჯანდაცვის სექტორი სრულად აკონტროლებს ამ ეტაპზე ვითარებას. ჩვენი ეპიდემიოლოგები მუშაობენ იმისთვის, რომ ყველა კონტაქტი იყოს დადგენილი და შესაბამისად, ჩვენ არ გვაქვს არავითარი საფუძველი იმისთვის, რომ ვიფიქროთ ან გამოვაცხადოთ საგანგებო მდგომარეობა. ამდენად, ვაგრძელებთ მუშაობას იმ ჩვეულ რეჟიმში, რომელშიც ვიმყოფებით ბოლო პერიოდში. ვიღებთ თითოეულ იმ ზომას, რომელიც საჭიროა ვირუსის მაქსიმალურად შესაზღუდად და მისი გავრცელების პრევენციისთვის, მაგრამ ეს არანაირად არ აისახება ჩვენი სავაჭრო ქსელების მუშაობაზე, აუცილებელი პროდუქტების მოწოდებაზე“, - თქვა ცქიტიშვილმა.

მისივე განცხადებით, ყველა სუპერმარკეტი რამდენიმეთვიანი მარაგით არის უზრუნველყოფილი, შესაბამისად, საკვების გამოლევის საფრთხე არ დგას.

"მინდა ძალიან მკაფიოდ განვაცხადო, რომ ქვეყანაში არ არის არანაირი შეფერხება პროდუქტების, სურსათის მომარაგებასთან დაკავშირებით, ყველა სავაჭრო ქსელში უზრუნველყოფილია რამდენიმეთვიანი მარაგი. ჩვენ ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის სამინისტროებთან ერთად მუდმივ რეჟიმში ვაკონტროლებთ, რომ ეს მარაგები უზრუნველყოფილი იყოს მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენმა საზოგადოებამ იცოდეს, რომ დღეს არავითარი საფუძველი არ გვაქვს პანიკისთვს და იმ მომატებული მოთხოვნისთვის, რომელსაც ვხედავთ", - განაცხადა ცქიტიშვილმა.

14 მარტის მდგომარეობით საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირების 30 დადასტურებული შემთხვევაა. გამოვლინდა ვირუსის მესამეული, ანუ შიდა გადაცემაც. პირველი დაინფიცირებული პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა. მოსახლეობა კარანტინისთვის საკვებს იმარაგებს. ვრცელდება სუპერმარკეტებში რიგების და ცარიელი დახლების ფოტოები.

კომენტარები