საბავშვო ბაღები

კალაძე: ბაღებში სწავლის აღდგენამდე მშობლები არამალფუჭებადი პროდუქტების წაღებას შეძლებენ

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, ბაღებში არდადეგების პერიოდში, ის არამალფუჭებადი სურსათი, რომლითაც სასწავლო პროცესის დროს უნდა ესარგებლათ, ამავე ბაღების აღსაზრდელების მშობლებს გადაეცემათ.

კალაძის თქმითვე, დაფასოებული პროდუქტების პაკეტს მშობლებს პირველად 19 მარტს გადასცემენ, ხოლო შემდეგ 14 დღეში ერთხელ. პროცესი მოხალისეების ჩართულობით მოხდება.

"რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაშიც სრულად იქნება დაცული ჰიგიენის და უსაფრთხოების წესები. შექმნილ ვითარებაში, როდესაც ვირუსთან ბრძოლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ორგანიზმის იმუნიტეტს, შეძლებისდაგვარად, არც ერთ ბავშვს არ დავტოვებთ თავისი კუთვნილი საკვები რაციონის გარეშე. მშობლები შეძლებენ ბავშვების კუთვნილი არამალფუჭებადი საკვების სახლში წაღებას 14 დღეში ერთხელ, ორი კვირის მარაგის, რათა ქონდეთ საშუალება ამ პროდუქტით თავად მოუმზადონ სადილი პატარებს"- ამბობს დედაქალაქის მერი.

დღეს დილით, ევროპული საქართველოს წევრი, სერგო რატიანი ინიციატივით გამოვიდა, რომლის მიხედვით, ხელისუფლებამ უნდა შეიმუშაოს რეგულაციები იმ სეგმენტისთვის, ვისთვისაც აუცილებელია საკვები პროდუქტებით მცირეწლოვანი შვილების უზრუნველყოფა. 

"მოგეხსენებათ, რომ დღევანდელი მონაცემებით საბავშვო ბაგა-ბაღებში სოციალურად დაუცველი ბავშვების ჩართულობის მაჩვენებელი 39,7% შეადგენს. აღნიშნული ოჯახები, გარდა იმ პრობლემებისა, რაც ფინანსური თვალსაზრისით ისედაც გააჩნიათ, მოუმზადებელი არიან ამ მიმართულებითაც, რაც აღნიშნული ეკონომიკური კრიზისის ფონზე მათთვის გადაუჭრელ პრობლემას წარმოადგენს. შესაბამისად, თითოეული ბავშვისთვის გათვალისწინებული ულუფა მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია"- თქვა სერგო რატიანმა. 

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სკო­ლებ­ში, სა­ბავ­შვო ბა­ღებ­სა და უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში არ­და­დე­გე­ბი პირველ აპ­რი­ლამ­დე გა­ხან­გრძლივ­და. 

კომენტარები