დონალდ ტრამპს ახალი კორონავირუსი არ დაუდასტურდა

დონალდ ტრამპი და ჟაირ ბოლსონარო
EPA

ახლა კორონავირუსზე აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ტესტი ნეგატიურია. თეთრი სახლის ექიმმა შონ კონელიმ განაცხადა, რომ ტრამპს ვირუსი არ აქვს.

"მარ-ა-ლაგოში ბრაზილიის დელეგაციასთან ვახშმიდან ერთი კვირის შემდეგ პრეზიდენტს კვლავ არ აღენიშნება ვირუსის სიმპტომები." თქვა კონელიმ.

ტრამპს ტესტი მას შემდეგ ჩაუტარდა, რაც ის ფლორიდანში ბრაზილიის პრეზიდენტს, ჟაირ ბოლსონაროს და მის თანაშემწეს შეხვდა. მოგვიანებით თანაშემწეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის გამო ტესტი გაიკეთა ბრაზილიის პრეზიდენტმაც. თავდაპირველად მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მას ვირუსი დაუდასტურდა, თუმცა თავად ბოლსონარომ ეს ფაქტი უარყო და მედია ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა. ვირუსი დაუდასტურდა ბრაზილიის დელეგაციაში მყოფ კიდევ 3 პირს, მათ შორის აშშ-ში ბრაზილიის ელჩს. ტრამპის გარდა მათ შეხვედრები გამართეს პრეზიდენტის ქალიშვილთან და მრჩეველთან ივანკა ტრამპთან, მის მეუღლესთან, ჯარედ კუშნერთან და ტრამპის ადვოკატთან, რუდი ჯულიანისთან.

შეხვედრის შემდეგ ტრამპს თვითიზოლაციის ზომებისათვის არ მიუმართავს და ამბობდა, რომ სიმპტომები არ ჰქონდა. მიუხედავად ამისა, ეჭვების გასაქარწყლებლად ის ტესტის გაკეთებას დათანხმდა.

აშშ-ის მთავრობა მოსახლეობას ურჩევს რომ თუ კონტაქტი ჰქონდათ პიროვნებასთან, ვისაც ვირუსი დაუდასტურდა, 14 დღის განმავლობაში თვითიზოლაციაში დარჩნენ. ამჟამად აშშ-ში ახალი კორონავირუსით დაავადების 2,700-ზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი, ხოლო გარდაცვალების - 54 შემთხვევა. დონალდ ტრამპმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და ბიუჯეტიდან ვირუსის გავრცელებასთან საბრძოლველად 50 მილიარდი აშშ დოლარი გამოყო.

კომენტარები