კორონავირუსის გამო გერმანია საფრანგეთთან, ავსტრიასთან და შვეიცარიასთან საზღვარს კეტავს

DW

Deutsche Welle წერს, რომ ახალი კორონავირუსის გამო 16 მარტიდან გერმანია საფრანგეთთან, ავსტრიასთან და შვეიცარიასთან საზღვრებს დაკეტავს. ღია იქნება სასაზღვრო პუნქტები, სადაც მგზავრები გადასვლას შეძლებენ. ასევე არ შეჩერდება ტვირთის გადატანა. საზღვარზე ზომების გამკაცრების მიზანია ხელი შეუშალონ ვირუსის გავრცელებას.

ჯერ-ჯერობით უცნობია გავრცელდება თუ არა იგივე ზომები გერმანიის სხვა საზღვრებზე, კონკრეტულად კი პოლონეთის, დანიის, ნიდერლანდების და ჩეხეთის საზღვრებზე.

ჩეხეთის მთავრობამ გამოაცხადა, რომ ქვეყანაში აღარ შეუშვებს გერმანიიდან და ავსტრიიდან მიმავალ მგზავრებს. ასევე იმ ქვეყნებიდან მომავალ პირებს, სადაც კორონავირუსის შემთხვევები დიდი რაოდენობით დაფიქსირდა, მათ შორის ჩინეთიდან, ირანიდან, სამხრეთ კორეიდან, იტალიიდან, საფრანგეთიდან, შვედეთიდან, ნიდერლანდებიდან, ბელგიიდან, ესპანეთიდან, დანიიდან, ბრიტანეთიდან, ნორვეგიიდან და შვეიცარიიდან.

საზღვრები დაკეტეს დანიამ და პოლონეთმაც.

გერმანიაში ამ დროისათვის კორონავირუსით დაავადების 4,585 შემთხვევაა დაფიქსირებული, გარდაცვლილია 9 ადამიანი. პოლონეთში დაავადებულია 103, გარდაცვლილია 3 ადამიანი. დაავადების 836 შემთხვევა დაფიქსირდა დანიაში, დაიღუპა 1 ადამიანი. 13 ადამიანი დაიღუპა შვეიცარიაში, სულ დაავადება დაუდგინდა 1,359 ადამიანს. ავსტრიაში დაავადებულია 655 ადამიანი, საფრანგეთში კი 4,481. საფრანგეთში დაავადებას 91 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ავსტრიაში - 1.

კომენტარები