კორონავირუსის გამო ბრიტანეთი 70 წლის და უფრო ასაკოვან მოქალაქეებს სახლებში დარჩენას სთხოვს

მეტ ჰენკოკი
BBC

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მდივანმა მეტ ჰენკოკმა თქვა, რომ უახლოეს კვირებში 70 წლის და უფრო ასაკოვან ბრიტანელებს, ასევე მათ, ვისაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებთ, მოუწოდებენ კორონავირუსისაგან თავის დასაცავად სახლებში დარჩნენ.

მან თქვა, რომ ეს მოწოდება ძალაში ჯერ არ შესულა, თუმცა როდესაც შევა დიდხანს გაგრძელდება.

მისივე თქმით მთავრობა მანქანების და იარაღის მწარმოებლებს მოუწოდებს ვირუსთან საბრძოლველად დროებით სამედიცინო ტექნიკა აწარმოონ, მათ შორის სასუნთქი აპარატები, ხოლო საავადმყოფოებში ადგილების ნაკლებობის გამო სასტუმროების ნაწილი გადაკეთდება, რათა პაციენტები მიიღონ. ამის თაობაზე ინდუსტრიების ხელმძღვანელებთან შეხვედრას დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ბორის ჯონსონი გამართავს.

მის განცხადებას შოტლანდიის მთავრობა გამოეხმაურა. მათი თქმით ასაკოვანი მოსახლეობის იზოლაცია არ მოხდება, მათ მხოლოდ ურჩევენ შეამცირონ კონტაქტი სხვა პირებთან.

ამჟამად დიდ ბრიტანეთში ახალი კორონავირუსით დაავადების 1,143 შემთხვევაა დაფიქსირებული. დაიღუპა 21 ადამიანი. გარდაცვალების ყველა შემთხვევა დაფიქსირდა იმ პაციენტებში, რომელთა ასაკი 60 წელს აღემატებოდა, ან ვირუსით დაავადებამდე ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვა პრობლემები ჰქონდათ.

კომენტარები