ცერცვაძე: WHO-მ პირველი პაციენტის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნება იჩქარა

რადიო თავისუფლება

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განმარტებით, პირველი პაციენტის გამოჯანმრთელების მდგომარეობის შესახებ WHO-მ ინფორმაცია ნაჩქარევად გაავრცელა.

საქმე ეხება საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულ პირველ ადამიანს, რომელსაც 2 დღის წინ ჩატარებული პირველადი ტესტირებით კორონავირუსი არ დაუდასტურდა. მეორე ტესტირებამ კი, რომელიც სხვა მეთოდით კეთდება, სუსტი დადებითი აჩვენა, რაც ნიშნავს, რომ ვირუსი მისი ორგანიზმიდან ბოლომდე არ გასულა და შესაბამისად, მისი გაწერა რამდენიმე დღით გადავადდა. მიუხედავად ამისა, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის საიტზე უკვე აისახა, რომ საქართველოში ერთი პაციენტი უკვე განიკურნა.

"ზოგჯერ ჩქარობენ. ჩვენ მათ ვაცნობეთ, რომ პირველი ტესტი იყო უარყოფითი, ისინი არ დაელოდნენ მეორე ტესტის პასუხს და გამოაცხადეს. ამით არაფერი დაშავებულა, დღეს თუ არა, ხვალ იქნება ის უარყოფითი", - თქვა ცერცვაძემ ფორმულას ეთერში.

თენგიზ ცერცვაძემ ასევე თქვა, რომ კორონავირუსით ინფიცირებული რიგით მე-3 პაციენტის პირველმა ტესტმა უარყოფითი პასუხი აჩვენა. პაციენტი ირანიდან იყო შემოსული. მას განმეორებითი ტესტი ხვალ, 16 მარტს ჩაუტარდება.

რაც შეეხება მე-4 პაციენტს, რომლის მდგომარეობაც მძიმე იყო - ცერცვაძემ თქვა, რომ მისი მდგომარეობა უმჯობესდება და სიცოცხლის საფრთხის შემცველი აღარ არის.

დღეს, 15 მარტს ახალი კორონავირუსი კიდევ 3 ადამიანს დაუდასტურდა. ახლა საქართველოში მლიანობაში 33 შემთხვევაა გამოვლენილი.

კომენტარები