თურქეთში საუდის არაბეთიდან დაბრუნებული ათასობით პილიგრიმი კარანტინში მოათავსეს

Reuters

თურქეთში საუდის არაბეთში პილიგრიმობიდან დაბრუნებული ათასობით მუსლიმი კარანტინში გადაიყვანეს ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით. საუდის არაბეთში მუსლიმთა წმინდა ქალაქების მოლოცვიდან დაბრუნებულ ერთ-ერთ პირს კორონავირუსი აღმოაჩნდა, რის გამოც მთავრობამ პილიგრიმები სტუდენტურ საცხოვრებლებში, იზოლაციაში მოათავსა. ანკარასა და კონიაში მდებარე სტუდენტურ საცხოვრებლებში ადგილი 10,000-ზე მეტი ადამიანისთვის არის. კარანტინში მოთავსებულებს 14 დღის განმავლობაში დააკვირდებიან.

ამჟამად თურქეთში დაავადების სულ 6 შემთხვევა არის გამოვლენილი, თუმცა ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად ქვეყნის მთავრობამ უკვე მიიღო ზომები, მათ შორის დაიხურა სკოლები და უნივერსიტეტები, სპორტული ღონისძიებები მაყურებლების გარეშე ტარდება, იმ ქვეყნებთან კი, სადაც ეპიდემია მძვინვარებს, ფრენები შეჩერდა. სწორედ სწავლის შეჩერების შემდეგ რამდენიმე კვირით დაცარიელდა სტუდენტური საცხოვრებლები და მთავრობამ კარანტინისათვის მათი გამოყენების გადაწყვეტილება მიიღო, დარჩენილი სტუდენტები კი სხვა საცხოვრებლებში გადაანაწილა.

უკანასკნელი მსგავსი ზომა, რაც თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ 15 მარტს გამოაცხადა, არის ბარებისა და კლუბების დახურვა.

საუდის არაბეთმა კორონავირუსის გავრცელების გამო მუსლიმების წმინდა ქალაქებში, მექასა და მედინაში პილიგრიმების მგზავრობა დროებით შეაჩერა. გადაწყვეტილება გასული თვის ბოლოს მიიღეს. მუსლიმებისათვის წმინდა თვე 2020 წელს 23 აპრილს დაიწყება, როდესაც მილიონობით მუსლიმი პილიგრიმი მექასა და მედინას მოსალოცად საუდის არაბეთში მიემგზავრება. საუდის არაბეთში ამჟამად ინფიცირების 103 შემთხვევაა დაფიქსირებული.

კომენტარები