გლობალური ეკონომიკა

FED-მა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 0,25%-მდე შეამცირა

0 კომენტარი

ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ, რომელიც აშშ-ში ცენტრალური ბანკის ფუნქციებს ასრულებს რიგგარეშე სხდომაზე მონეტარულ პოლიტიკის განაკვეთი თითქმის ნულამდე - 0- 0,25%-მდე შეამცირა. მარტში ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც FED-მა საბაზისო განაკვეთი საგანგებო სხდომაზე შეამცირა. სარეზერვო სისტემის ნაბიჯები ახალი კორონავირუსის გავრცელებით გამოწვეული ეკონომიკური ზიანის შემცირებას ისახავს მიზნად. 

გადაწყვეტილების შესახებ გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ სარეზერვო სისტემა ნულოვან განაკვეთს მანამ შეინარჩუნებს, სანამ ორგანიზაციაში არ დარწმუნდებიან, რომ ეკონომიკა გაუმკლავდა ბოლო მოვლენების უარყოფით გავლენას და იარსებებს სრული დასაქმებისა და ფასების სტაბილურობის წინაპირობა. 

საბაზისო განაკვეთის შემცირების გარდა, FED-მა დამატებით რამდენიმე საგანგებო ზომა მიიღო, რომელმაც ვირუსის გავრცელების უარყოფითი ეფექტი უნდა შეამციროს. 

  • უახლოესი თვეების განმავლობაში სისტემა 500 მილიარდი დოლარით გაზრდის მის საკუთრებაში არსებულ აშშ-ის სახელმწიფო ობლიგაციების პორტფელს. ასევე, 200 მილიარდი დოლარით გაიზრდება ნახევრად სახელმწიფო სააგენტოების Ginnie Mae, Fannie Mae, Freddie Mac-ის მიერ გამოშვებული იპოთეკური ობლიგაციების პორტფელიც;
  • ამ დროისთვის, ფედერალური სარეზერვო სისტემა 2,5 ტრილიონი დოლარის სახელმწიფო ობლიგაციების პორტფელს ფლობს, ხოლო იპოთეკური ობლიგაციების პორტფელის ღირებულება 1,3 ტრილიონი დოლარია. ამგვარად, სახელმწიფო ობლიგაციების პორტფელი 3 ტრილიონ დოლარამდე გაიზრდება, ხოლო იპოთეკური ობლიგაციების 1,6 ტრილიონ დოლარამდე;
  • მიღებული გადაწყვეტილებით ფედერალური სარეზერვო სისტემის აქტივები 4,3 ტრილიონი დოლარიდან 5 ტრილიონ დოლარამდე გაიზრდება, რაც რეკორდული მაჩვენებელია. ამ ნაბიჯით სისტემა ე.წ. რაოდენობრივი შემსუბუქების პოლიტიკას [QE] დაუბრუნდა, რომლის პირველი სამი რაუნდიც 2008 წლის ფინანსური კრიზისის დროს გატარდა. ფასიანი ქაღალდების დამატებითი შესყიდვა, მიზნად საპროცენტო განაკვეთების შემცირებას და კომპანიებისა და შინამეურნეობებისთვის საბანკო კრედიტის ხელმისაწვდომობის ზრდას ისახავს.

ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ, ასევე, მკვეთრად შეამცირა ე.წ. ფასდაკლების ფანჯრის [Discount Window] საპროცენტო განაკვეთები და პრაქტიკულად 2008 წლის ფინანსური კრიზისის დროინდელ მაჩვენებლებს დაუბრუნდა. საბაზისო განაკვეთი ამ ხაზში 1,5 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 0-0,25%-ს შეადგენს, რაც ისტორიული მინიმუმია. ამასთანავე, 1 დან 90 დღემდე გაიზარდა ამ კრედიტების გირაოს ვადა. 

ე.წ. ფასდაკლების ფანჯარა [Discount Window] ფედერალური სარეზერვო სისტემის ხელთ არსებული ერთ-ერთი ყველაზე ძველი ინსტრუმენტია და იგი 1913 წლიდან მოქმედებს. ბოლო წლების განმავლობაში FED-ს ინსტრუმენტი თითქმის არ გამოუყენებია. ბოლო დრომდე ამ ხაზის საპროცენტო განაკვეთი მნიშვნელოვნად აღემატებოდა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს, რაც ბანკებისთვის ამ ინსტრუმენტით სარგებლობას პრაქტიკულად გამორიცხავდა. კომერციულ ბანკებს გაცილებით უფრო მარტივად და იაფად შეეძლოთ ფულის სესხება საბანკო რეზერვების ბაზარზე, თუმცა შემცირების შემდეგ, სხვაობა ბაზარზე არსებულ განაკვეთსა და ფასდაკლების ფანჯარის განაკვეთებს შორის მინიმალურია. FED-ში აცხადებენ, რომ ამ ხაზით მიწოდებულ საგანგებო სესხებზე მზარდ მოთხოვნას ხედავენ და ფასდაკლების ფანჯრით გათვალისწინებული საკრედიტო ხაზის სარგებლობის სტიმულირებას შეეცდებიან. 

სხვა ნაბიჯებთან ერთად, ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ 10%-იდან 0%-მდე შეამცირა სარეზერვო მოთხოვნები ბანკების მიმართ. სარეზერვო მოთხოვნა ის თანხაა, რომელიც კომერციულმა ბანკებმა გაცემული სესხების რეზერვებად ფედერალურ სარეზერვო სისტემაში უნდა შეინახოს. "ეს ნაბიჯი ხსნის სარეზერვო მოთხოვნებს ათასობით ფინანსური ინსტიტუტისთვის და ხელს შეუწყობეს კრედიტებზე ხელმისაწვდომობის ზრდას", — აცხადებენ FED-ში. 

ამგვარად, 15 მარტს ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ მარტში ზედიზედ მეორედ შეამცირა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, საგანგებო სხდომაზე. ეს 2008 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ პირველად მოხდა. 

როდის ამცირებდა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემა:

  • 2008 წლის ოქტომბერი - ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბანკის Lehman Brother-ის კრახის შემდეგ;
  • 2008 წლის იანვარი — საფონდო ბირჟების დაცემისა და რეცესიის სიგნალის შემდეგ;
  • 2007 წლის აგვისტო — სუბსტანდარტული იპოთეკის ბაზარზე კრიზისის დაწყების შემდეგ;
  • 2001 წლის სექტემბერი — ალ-ქაიდას მიერ განხორციელებული ტერაქტების შემდეგ;
  • 2001 წლის აპრილი — ეკონომიკური რეცესიის მომატებული რისკის ფონზე;
  • 2001 წლის იანვარი — ე.წ. Dot-Com-ების ბაზრის კრახის შემდეგ;
  • 1998 წლის ოქტომბერი — რუსეთის ფინანსური კრიზისისა და ჰეჩ ფონდ Long Term Capital Management-ის კრახის შემდეგ, რომელიც რუსეთის სახელმწიფო მოკლევადიან ობლიგაციებზე ჩავარდა.

ფედერალური სარეზერვო სისტემის გადაწყვეტილება დადებითად შეაფასა დონალდ ტრამპმა და განაცხადა, რომ FED-მა მომავალში უფრო მკვეთრად უნდა იმოქმედოს და მონეტარული პოლიტიკის შესამსუბუქებლად დამატებითი ზომები უნდა მიიღოს. 

კორონავირუსის გამო შექმნილი ეკონომიკური რეალობის ფონზე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთები აშშ-ის გარდა, ავსტრალიის, გაერთიანებული სამეფოსა, იაპონიისა და ევროპის ცენტრალურმა ბანკებმა უკვე შეამცირეს. 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის თქმით, საქართველოში მონეტარული პოლიტიკის შემცირების აუცილებლობა ჯერ არ დგას, თუმცა საკითხზე მონეტალური საბჭოს მომდევნო სხდომაზე იმსჯელებენ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

გავრილოვის ღამე - აქციის მონაწილეების მიერ მოყოლილი ქრონიკა

კომენტარები