არჩევნები 2020

მდინარაძე: შევეცდებით, საყოველთაო სახალხო განხილვები დისტანციური ფორმით ჩავატაროთ

პარლამენტის ვიცესპიკერის, მამუკა მდინარაძის თქმით, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ კორონავირუსის გამო, საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა არ შეფერხდეს. მისი ინფორმაციით, შესაძლოა, საყოველთაო სახალხო განხილვა დისტანციური ფორმით ჩატარდეს.

"დამერწმუნეთ, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დღევანდელი მდგომარეობა, დღევანდელი გამოწვევა ვირუსთან დაკავშირებული, არ გახდეს შეფერხების მიზეზი საკონსტიტუციო განხილვების. ამიტომ, რაც კი შესაძლებელი იქნება, დაჩქარებულ რეჟიმში ჩავატარებთ, მათ შორის, საყოველთაო სახალხო გახილვებსაც. შევეცდებით, რომ ეს განხილვები ჩავატაროთ დისტანციური ფორმით.

მოგეხენებათ, რომ მინიმუმ ორ რეგიონში უნდა გაკეთდეს, ამიტომ, არ გამოვრიცხავთ, სავარაუდოდ გეუბნებით, რომ ტელეხიდების ან სხვა საკომუნიკაციო წყაროების მეშვეობით დავსხდეთ, მოვუყვეთ საზოგადოებას იმ ტექსტის, იმ ცვლილებების შესახებ, რაც შედის კონსტიტუციაში და ამ გზით დავაზღვიოთ, რომ საკონსტიტუციო განხილვებს არანაირი შეფერხება არ ჰქონდეს" - თქვა მდინარაძემ.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, გურამ მაჭარაშვილის თქმით, საერთო სახალხო განხილვის კომისია შეიქმნება, რომელიც გადაწყვეტს დეტალებს - რა ფორმატით მოხდება განხილვა, "იქნება ეს ვიდეოჩართვები, თუ სხვა ნებისმიერი ტექნოლოგიური საშუალება, რომელიც უზრუნველყოფს საზოგადოების ინფორმირებულობას, კონსტიტუციაში ცვლილებებთან დაკავშირებით".

ოპოზიცია და მმართველი გუნდი საარჩევნო სისტემაში ცვლილების შესახებ 8 მარტის შეხვედრაზე შეთანხმდნენ. 2020 წლის ოქტომბრის არჩევნები 120/30-ზე სისტემით უნდა ჩატარდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსახლეობა 120 დეპუტატს პროპორციული წესით, ხოლო 30-ს - მაჟორიტარული წესით აირჩევს. ქართულმა ოცნებამ პარლამენტში შესაბამისი საკონსტიტუციო ცვლილებები 11 მარტს დაარეგისტრირა. ამის შემდეგ, საყოველთაო სახალხო განხილვები უნდა დაიწყოს.

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების საფრთხის პრევენციის მიზნით, სასწავლო პროცესი 1-ელ აპრილამდე შეწყვეტილია. არაერთი დაწესებულება დისტანციურ მუშაობაზე გადავიდა. 

კომენტარები