პლანეტის უმდიდრესი ადამიანები

წელს უმდიდრესი 500 ადამიანის ქონება 1 ტრილიონი დოლარით შემცირდა

2020 წლის პირველი იანვრიდან, დღემდე მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების ქონება თითქმის 1 ტრილიონი დოლარით შემცირდა. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული გამოცემა Bloomberg ავრცელებს.

საუბარია, Bloomberg-ის მიერ წარმოებულ ყველაზე მდიდარი 500 ადამიანის რეიტინგში შემავალ ბიზნესმენებზე. მასშტაბური კლების მიზეზი კორონავირუსის პანდემია და ნავთობზე ფასების მკვეთრი კლებაა. მხოლოდ 12 მარტს, უმდიდრესი ადამიანების ქონება 331 მილიარდი დოლარით შემცირდა, რაც რეიტინგის წარმოების ისტორიაში ერთ დღეში მომხდარი ყველაზე მკვეთრი კლებაა. 

ამგვარად, უმდიდრესი 500 ადამიანის ქონება წლის დასაწყისიდან ამ დრომდე 950 მილიარდი დოლარით არის შემცირებული. შესაბამისად პლანეტის უმდიდრესი მოქალაქეები ჯამური ქონება 16%-ით არის შემცირებული. 

წლის დასაწყისში უმდიდრესი ადამიენების ჯამური ქონების ღირებულება რეკორდულ 6,1 ტრილიონ დოლარს შეადგენდა. "ამ აქტივების ღირებულება განადგურდა მას შემდეგ, რაც ახალი კორონავირუსის პანდემიის გავრცელების რისკმა და ნავთობზე ფასების შემცირებამ საფონდო ბირჟებზე პანიკა გამოიწვია", — ნათქვამია Bloomberg-ის მიერ მომზადებულ მასალაში. 

გლობალურ ბაზრებზე განვითარებული მოვლენების შედეგად, ყველაზე მეტად პრემიუმ ბრენდების ჰოლდინგის LVMH-ის მფლობელი, ბერნარ არნო დაზარალდა, რომლის ქონებაც წელს 9,5 მილიარდი დოლარით შემცირდა. მნიშვნელოვანი ზარალი განიცადა პლანეტის უმდიდრესმა მოქალაქემ, Amazon-ის დამფუძნებელმა ჯეფ ბეზოსმა, მისი ქონება წელს 8,1 მილიარდი დოლარით შემცირდა. თითქმის 7 მილიარდი დოლარით შემცირდა Microfost-ის დამფუძნებლის ბილ გეიტსის ქონებაც. 

ახალი კორონავირუსის პანდემიის ფონზე გლობალურ ბაზრებზე პანიკა, ნავთობის ფასების რეკორდული ვარდნის შემდეგ დაიწყო. ერთ დღეში ნავთობის გლობალური ფასები თითქმით 30%-ით დავარდა. 

 

კომენტარები