Coda წერილი

COVID-19 და ევროპული ფიასკო

პანდემიის პირობებში ყოველი სწორი ინფორმაცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი შეიძლება, იყოს. ამიტომ გადავწყვიტეთ, Coda-ს ქართულენოვანი წერილი დროებით აღვადგინოთ. რეგულარულად მოგაწოდებთ ინფორმაციას ყველაზე სანდო, ოფიციალური წყაროებიდან ვირუსზე, რომელიც მსოფლიოს ყოველდღიურად ცვლის.

Coda-ს ქართულენოვანი წერილი შეგიძლიათ გამოიწეროთ ამ ბმულზე.

ავტორი: სოფიკო ვასაძე

ბოლო მონაცემები. და რაც მნიშვნელოვანია

  • საქართველოში დაინფიცირებულთა რაოდენობა 33-ს შეადგენს, მსოფლიოში 169,387.
  • აშშ-ში კორონავისურის წინააღმდეგ ვაქცინის ტესტირებას დღეს დაიწყებენ, თუმცა მის სრულად შემუშავებას, შესაძლოა ერთი წელი დასჭირდეს.
  • ამერიკის ავიახაზები ტრანსატლანტიკური ფრენების 75%-ს აუქმებენ. Ამავე დროს ათასობით ამერიკელი სამშობლოში ბრუნდება. აეროპორტებში ქაოსი და მრავალსაათიანი რიგებია, რაც ვირუსის პირობებში კატასტროფული შედეგის მომტანი შეიძლება, იყოს.ჩიკაგოს მერი დონალდ ტრამპს და ვიცე პრეზიდენტს, მაიკ პენსს ტვიტერზე საჯაროდ მიმართავს “შენი არაკომპენტენტურობისთვის არავის არ გვცალია.”
  • გუდაურში მდებარე რესტორანი “მთვრალი ალუბალი” სოციალურ ქსელში აკეთებს განცხადებას, რომ იხურებიან, რადგან როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიდან აცნობეს, 4 მარტს გუდაურს 6 ტურისტი ეწვია ჩეხეთიდან, სამ მათგანს ვირუსი დადუგინდა.
  • სანამ საქართველოს მთავრობა ყოყმანობდა, ჩაეკეტა, თუ არა რუსეთთან საზღვარი, ინტერნეტში გავრცელდა ექიმი ანასტასია ვასილევას განცხადება, რომელიც მთავრობას რეალური სტატისტიკის დამალვაში ადანაშაულებს.ვასილევა, რომელიც პროფკავშირის “სამედიცინო ალიანსის” თავმჯდომარეა, აცხადებს, რომ პაციენტებს პნევმონიის დიაგნოზს უსვამენ. ვასილევა რუსი ოპოზიციის ლიდერის, ალექსი ნავალნის ექიმია, მაგრამ ინფორმაცია სხვა წყაროებიდანაც დასტურდება. ჩვენ ვიკვლევთ ამ თემას და შემდეგ წერილში უფრო ვრცლად შემოგთავაზებთ მას.
  • პაპმა ფრანცისკემ რომის ცარიელი ქუჩები მოილოცა. იტალიაში და ევროპის სხვა ქვეყნებში, ეკლესიები დაკეტილია, თუმცა ჩვენთან გაფრთხილებების მიუხედავად, ზიარების წესები არ იცვლება. იგივე სიტუაციაა სხვა მართლმადიდებელ ქვეყნებშიც: როგორც საქართველოში ასევე ბულგარეთში, საბერძნეთში და რუსეთში საეკლესიო პირებმა უარი თქვეს ზიარებისას ერთჯერადი კოვზების გამოყენებაზე. Სანქტ-პეტერბურგში ყაზანიის ღვთისმშობლის ტაძარში, შაბათს ათასობით ადამიანი შეიკრიბა იოანე ნათლისმცემლის წმინდა ნაწილებზე სამთხვევლად.
  • პანდემიის გამო ISIS-მა ტერორისტებს ევროპაში მოგზაურობა აუკრძალა.

რა უნდა ვიცოდეთ
 

ინტერნეტში მრავალ ვებსაიტზე ვრცელდება ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მიერ შემუშავებული რუკის ასლი, რომლის გახსნაც საშიშია.

ჰაკერები, ამ ძალზედ პოპულარულ რუკას იყენებენ ფიშინგის, ანუ ჩვენი კომპიუტერებიდან, მონაცემების მოპარვის, მიზნით.

ინფორმაცია გამოააშკარავა ვებსაიტმა krebsonsecurity, რომელიც ციფრულ სამყაროში კრიმინალურ დანაშაულს იძიებს. აღსანიშნავია, რომ ინფორმაცია მათ თავდაპირველად რუსულენოვან ფორუმებზე მოიძიეს, სადაც რუკის ასლები იყიდებოდა.

“ამ პროგრამით შეგიძლიათ, კორონავირუსით დაინფიცირებული ქვეყნების რუკა და ვირუსზე სხვა მონაცემებიც იყიდოთ", - განმარტავდა გამყიდველი.

გაკვეთილი: ნუ გახსნით არასანდო წყაროდან მიღებულ ინფორმაციას.

იტალიური დღიური
 

Coda Story-ს მხატვარი, სოფია ვიზნაია დაუკავშირდა დეიდამისს, რომელიც ბერგამოში, ვირუსის ეპიცენტრში ცხოვრობს.

"დღეს საბოლოდ შევძელი, რომ გულიანად დავლაპარაკებოდი და მისი ამბები გამომეკითხა.

როგორც ყველა სხვა, მთავრობის განკარგულებით, ისიც სახლშია გამოკეტილი. ბანკები, სკოლები, ყველაფერი დაკეტილია. სათამაშო მოედნები ცარიელი. სუპერმარკეტებია მხოლოდ ღია, მაგრამ ერთი პირობით, ერთსა და იმავე დროს, მხოლოდ ერთ ადამიანს შეუძლია შესვლა. სურსათის მაღაზიები, გასეირნების ერთადერთ საშუალებად იქცა. იქიდან გამოსულს კი, პოლიცია გიმოწმებს ქვითრებს.

სასწრაფო დახმარების მანქანების და ეკლესიის ზარების ხმები, კორონავირუსის საუნდტრეკს ქმნიან დეიდაჩემის სოფელში.

ჩვენს სოფელში, ვინმეს გარდაცვალებისას ეკლესიის ზარები ირეკება. ეს დღეები არ გაჩერებულან. რეკავენ და რეკავენ, მითხრა დეიდამ.

სამი კვირის წინ, როდესაც პირველად მთავრობამ სოციალური დისტანცირების ბრძანება გასცა, დეიდაჩემმა ის არაფრად ჩათვალა: “ნეტავ, მაშინვე მიმექცია ყურადღება. ნეტავ, მაშინვე დამეწყო თვითიზოლაცია. ამ მდგომარეობაში ხომ არ აღმოვჩნდებოდით?! ახლა ცხოვრებამ სოციალურ ქსელში გადაინაცვლა. მთელი სოფელი Whatsapp-ით ვარსებობთ. ადგილობრივი მღვდლები, ნუგეშის მომცემ წერილებს იქ გვიგზავნიან. ექიმები კი, სამედიცინო მითითებს.

დეიდაჩემის მეგობრების საერთო ჯგუფში ყველა ქალმა პროფილის ფოტოდ ეს სურათი დააყენა:

დეიდაჩემის მეგობარი, ექიმია ადგილობრივ საავადმყოფოში. კარდიოლოგია, მაგრამ ახლა, სასწრაფო გადაუდებელ განყოფილებაში მუშაობს. ამბობს, რომ დღეში 40 პაციენტს იღებენ. აღარც ადგილებია, აღარც რესურსი.

“ჩვენ ექიმებზე ვლოცულობთ. ისინი ძალიან მამაცები არიან. მამაცები, მაგრამ ამოწურილი ძალებით”.

“გეშინია?” ვკითხე მე. არ ეშინოდა მანამ, სანამ მეგობარმა ექიმმა არ უამბო ახალგაზრდა კალათბურთელის ამბავი, რომელიც ინტენსიური თერაპიის ბლოკშია მოთავსებული. “არ მოგიყვები იმაზე, როგორ ვნადგურდებით აქ ფსიქოლოგიურად,” უთხრა მეგობარმა. “წარმოიდგინე, უყურებ ახალგაზრდა, ძალ-ღონით, სავსე ადამიანს, რომელიც შეერთებულია აპარატზე”.

მაგრამ ყველაზე დიდი საშინელება გაურკვევლობაა. იტალიაში ინფექციამ ათიათასობით ადამიანი დაასნეულა, მაგრამ პიკისთვის ჯერ არ მოუღწევია. “გუშინ ღამით ერთმანეთის სანუგეშოდ მთელი სოფელი ფანჯრებში სანთლებს ვანთებდით”

ერთმანეთს ვეუბნებით, “andra tutte bene,” ანუ, ყველაფერი კარგად იქნება.

სანამ დავემშვიდობებოდი, დეიდამ მითხრა:

“ფრთხილად იყავი. არ მინდა, რომ პანიკამ აგიტანოს, მაგრამ ეს არც ხუმრობაა და არც მედიის თვალით დანახული ეპიდემია. ეს ნამდვილად ხდება”.

რას ვუყურებ

გაზეთ, The New York Times-ის, ჯანდაცვის კორესპონდენტმა და მეცნიერმა დონალდ მაკლინმა, MSNBC-ის ეთერში ჩინეთის პანდემიასთან ბროლის მეთოდების ახალი დეტალები ახსნა.

Მართალია ჯერ არავინ იცის რა მოხდება მაშინ, როცა ჩინეთი ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება, მაგრმ ამ ეტაპზე, ევროპასთან შედარებით, იქ კრიზისი კონტროლის ქვეშაა. Მაკლინის თქმით:

  • ტესტირება ყველგან და ყველაფრის. არ ჰქონდა მნიშვნელობა სად მიდიოდი. ნებისმიერ შენობაში შესვლისას ზომავდნენ სიცხეს. ადიოდი ავტობუსში, სიცხეს იზომავდი, შენს საცხოვრებელ სახლში დაბრუნებისასაც სიცხეს იზომავდი.
  • მათ ჰქონდათ სპეც-კლინიკები, სიცხიანი ადამიანებისთვის. ასევე ერქვა — სიცხის კლინიკა.
  • ტემპერატურის აღმოჩენის შემთხვევაში დაუყონებლივ გაგზავნიდნენ ამ ცენტრში და არა ნებისმიერ რიგით ექიმთან, რადგან ესეც საშიში იყო ვირუსის გავრცელების.
  • ცენტრებში სწრაფად ზომავდნენ სიცხეს, ეკითხებოდნენ სიმპტომებს, მრავალი ტიპის სხვა ტესტს ატარებდნენ კორონავირუსის ტესტამდე.

რაც ყველაზე მთავარია, და რამაც ყველაზე დიდი როლი ითამაშა ვირუსის დამარცხებაში, არის თვითიზოლაცია არა სახლში, არამედ საკარანტინო ცენტრებში, რომლებიც გახსნილი ჰქონდათ სასტუმროებში.

რატომ?

“აღმოაჩინეს, რომ ეპიდემიის საწყის ეტაპზე, 75-დან - 80 პროცენტამდე, ვირუსი ოჯახის წევრებისგან ვრცელდებოდა. და იცოდნენ, რომ ეს უნდა შეეჩერებინათ. ეს საკარანტინო ზონები არ იყო საკონცენტრაციო ბანაკები.

ეს იყო სივრცეები, სადაც იდგა ლოგინები, იყვნენ სპეც-ტანსაცმლთ შემოსილი ექთნები, რომლებიც ამ ადამიანებს უვლიდნენ, თქვენ წარმოიდგინეთ, ცეკვის გაკვეთილებიც კი ჰქონდათ. ეს ყველაფერი კი იმის წინა პირობაა, რომ ვირუსით დაავადებული ადამიანებით არ გაივსოს საავადმყოფო.

რადგან თუ საავდმყოფოში აღარ გაქვს ადგილები, გიწევს არჩევანის გაკეთება, ვინ იცოცხლოს და ვინ არა. ის ახალგაზრდაა და შვილები ჰყავს, გადარჩენის მეტი შანსი და უფლება აქვს. მოხუცი ბებია განწირულია.

ეს ის არჩევანია, რის წინაშეც ახლა ჩრდილოეთ იტალია დგას და მალე მთელი იტალია დადგება.”

ჯანმრთელობას გისურვებთ და Andre Tutti Beno,

სოფიკო

Coda Story ამერიკული არაკომერციული მედია ორგანიზაციაა, რომელიც მულტიმედია ჟურნალისტიკის ელემენტებით ცდილობს შექმნას პროდუქტი, რომლიც ცხადყოფს თანამედროვე სამყაროს ფორმირებაში მიმდინარე, მნიშვნელოვან ამბებს და კრიზისებს.

კომენტარები