აშშ-ის არჩევნები 2020

ბაიდენმა პირობა დადო, რომ თუ ნომინაციას მოიპოვებს, ვიცე-პრეზიდენტად ქალს დაასახელებს

0 კომენტარი
ჯო ბაიდენი და ბერნი სანდერსი ფოტო: Reuters

2020 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატიული პარტიის ნომინაციისათვის მებრძოლმა კანდიდატებმა, ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და ვერმონტის სენატორმა ბერნი სანდერსმა დებატები გამართეს.

ჯო ბაიდენმა პირობა დადო, რომ დემოკრატიული პარტიის ნომინაციის მოპოვების შემთხვევაში ვიცე-პრეზიდენტად ქალს დაასახელებდა. სანდერსს მსგავსი პირობა არ დაუდია, თუმცა თქვა, რომ ძლიერი ტენდენცია იქნებოდა მსგავსი ნაბიჯის გადადგმა.

კორონავირუსის გამო მათ ერთმანეთს ხელი არ ჩამოართვეს და იდაყვები შეახეს. ორივე მათგანმა ისაუბრა იმ ნაბიჯებზე, რაც კორონავირუსისაგან თავის დასაცავად გადადგეს, მათ შორის მოსახლეობასთან კონტაქტის შემცირებაზე, მათი კამპანიის თანამშრომლების დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადაყვანაზე და ონლაინ დისკუსიების და ფორუმების გამართვაზე.

დებატების დიდი ნაწილი დაეთმო კანდიდატების გეგმების აღწერას, თუ როგორ გაუმკლავდებოდნენ კორონავირუსის ეპიდემიას. ბაიდენმა ტესტირებების გაფართოებაზე ისაუბრა, მათ შორის ნიუ-იორკის მსგავსი ადგილების შექმნაზე, სადაც მოსახლეობას შეეძლება საკუთარი მანქანით მივიდეს და გადმოუსვლელად ჩაიტაროს ტესტი. მან ასევე თქვა, რომ საჭიროა ახალი საავადმყოფოების აშენება და მსოფლიო ლიდერებთან კონსულტაცია ერთიანი სამოქმედო გეგმის შემუშავებისათვის. ბაიდენს მიაჩნია, რომ კორონავირუსის კრიზისთან ბრძოლის პროცესში ტესტირების და მკურნალობის ყველა ხარჯი სახელმწიფომ უნდა დაფაროს.

სანდერსმა მისი პოზიცია გაიზიარა და თქვა, რომ საავადმყოფოებს საკმარისი აღჭურვილობა და პერსონალი სჭირდებათ და აშშ-მა უნდა იზრუნოს იმ მოქალაქეებზე, ვინც ეკონომიკური კრიზისის გამო შესაძლოა სამუშაო ადგილები დაკარგონ. სანდერსმა კიდევ ერთხელ ისაუბრა საყოველთაო ჯანდაცვის მისეულ გეგმაზე და თქვა, რომ ეს კრიზისი კიდევ ერთხელ აჩვენებს აშშ-ის ჯანდაცვის სისტემის პრობლემებს.

ამჟამად აშშ-ის ახალი კორონავირუსით 3,774 ადამიანია ინფიცირებული, დაიღუპა 69, გამოჯანმრთელდა 12.

ნომინაციისათვის ბრძოლაში კვლავ ჯო ბაიდენი ლიდერობს. მას ამჟამად 890 დელეგატი ჰყავს, ბერნი სანდერსს - 736.

ხვალ, 17 მარტს პრაიმერი გაიმართება კიდევ 4 შტატში - ფლორიდაში, არიზონაში, ილინოისსა და ოჰაიოში. დემოკრატიული პარტიის ნომინაციისათვის კანდიდატებს 1,991 დელეგატი სჭირდებათ.

სანდერსმა პირობა დადო, რომ ნომინაციისათვის ბრძოლას გააგრძელებს. ეს პირველი კომენტარი იყო მას შემდეგ, რაც 10 მარტს 6 შტატში გამართული პრაიმერიდან გამარჯვება მხოლოდ ერთ შტატში მოიპოვა. სანდერსმა გააკრიტიკა "დემოკრატიული ისტებლიშმენტი", რომელიც, მისი აზრით მეორედ ცდილობს ჩაშალოს მისი საპრეზიდენტო კამპანია.

10 მარტს აშშ-ის ყოფილმა ვიცე პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამარჯვება მოიპოვა მიჩიგანის, აიდაჰოს, მისისიპის და მისურის შტატებში. აღსანიშნავია, რომ 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პრაიმერის დროს სანდერსმა მიჩიგანში მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა ჰილარი კლინტონის წინააღმდეგ.

ჯო ბაიდენი აშშ-ის 2020 წლის არჩევნებში დემოკრატიული ნომინაციისათვის ბრძოლაში სუპერ სამშაბათს მოპოვებული გამარჯვების შემდეგ დაწინაურდა. 3 მარტს მან გაიმარჯვა ალაბამას, არკანზასის, მენის, მასაჩუსეტსის, მინესოტას, ჩრდილოეთ კაროლინას, ოკლაჰომას, ტენესის, ტეხასის და ვირჯინიის შტატებში.

სუპერ სამშაბათამდე ნომინაციისთვის ბრძოლას გამოეთიშნენ მინესოტას სენატორი ემი კლობუშარი და საუს ბენდის ყოფილი მერი პიტ ბუტიჯეჯი. მათ მხარი ჯო ბაიდენს დაუჭირეს. სუპერ სამშაბათს განცდილი მარცხის შემდეგ კამპანია შეწყვიტა მილიარდერმა, ნიუ-იორკის ყოფილმა მერმა მაიკლ ბლუმბერგმა და მანაც მხარი ჯო ბაიდენს დაუჭირა. ნომინაციისთვის ბრძოლას გამოეთიშა მასაჩუსეტსის სენატორი ელიზაბეტ უორენიც. ამ დრომდე მას არ გაუკეთებია განცხადება იმაზე, თუ ვის უჭერს მხარს. ჯო ბაიდენს მხარს უჭერენ სხვა ყოფილი კანდიდატებიც, მათ შორის კალიფორნიის სენატორი კამალა ჰარისი და ყოფილი ტეხასელი კონგრესმენი ბეტო ო'რურკი.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ისანში ინდოეთის მოქალაქის მკვლელობის ბრალდებით მისი მეზობელი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები