რუსეთი

რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლომ პუტინისთვის საპრეზიდენტო ვადის განულება კანონიერად ცნო

ვლადიმერ პუტინი
Financial Times

რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლომ 16 მარტს დაადგინა, რომ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ შემოთავაზებული საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც მას საშუალებას მისცემს პრეზიდენტის პოსტი კიდევ ორი ვადით დაიკავოს, კანონიერია.

10 მარტს რუსეთის დუმამ მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ საპრეზიდენტო ვადების განულებას. პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის შემდეგ ცვლილებას მხარი დაუჭირა 380-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი იყო 43.

თავად პუტინმა თქვა, რომ ეს ცვლილება შესაძლებელი იყო იმ შემთხვევში, თუ საკონსტიტუციო სასამართლო მას კანონიერად ცნობდა.

პუტინს 2024 წელს ზედიზედ მეორე, ჯამში კი მეოთხე საპრეზიდენტო ვადის დასრულების შემდეგ მომდევნო არჩევნებში მონაწილეობის მიღება არ შეეძლო, თუმცა ახალი ცვლილება მას ვადას გაუნულებს და საშუალებას მისცემს კიდევ ერთი, ან ორი ვადით იყაროს კენჭი და ძალაუფლებაში კიდევ 6 ან 12 წლით დარჩეს.

აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე პუტინი უარყოფდა 2024 წლის შემდეგ ხელისუფლებაში დარჩენის შესაძლებლობას, თუმცა ბოლო ინტერვიუში ისაუბრა იმაზე, რომ რუსეთს ძლიერი პრეზიდენტი სჭირდება.

საკონსტიტუციო ცვლილებები ვლადიმერ პუტინმა 15 იანვარს ფედერალური საბჭოსადმი მიმართვაში წარადგინა. 

პუტინი დუმის და ფედერაციის საბჭოს უფლებამოსილების გაზრდა დაანონსა. დაგეგმილი ცვლილების მიხედვით, ფედერაციული საბჭო საკონსტიტუციო ორგანო ხდება, საბჭოს საკონსტიტუციო სასამართლოების მოსამართლეების დანიშვნა ეძლევა. ასევე, იცვლება ძალოვანი მინისტრების არჩევისა და დანიშვნის წესი. ახალი პროცედურის მიხედვით ძალოვანი პროფილის მინისტრები ფედერაციის საბჭოსთან კონსულტაციის შედეგად დაინიშნებიან.

დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით იცვლება მთავრობის დანიშვნის წესი. ცვლილების ამოქმედების შემდეგ, მთავრობის მეთაურს, მინისტრებსა და მოადგილეებს დუმა დაამტკიცებს. ასევე უქმდება საკონსტიტუციო შეზღუდვა ზედიზედ ორ საპრეზიდენო ვადასთან დაკავშირებით. ცვლილების მიხედვით საკონსტიტუციო სასამართლოს მიეცემა უფლება გააუქმოს და გადასინჯოს ფედერაციული კანონების კონსტიტუციურობა. ამავდროულად საკანონმდებლო გადასინჯვების ინიცირების უფლება მხოლოდ პრეზიდენტს ექნება.

სწორედ 15 იანვარს დაანონსდა საყოველთაო რეფერენდუმის ჩატარებაც, რომელიც 22 აპრილს გაიმართება. ამ დღესვე სრული შემადგენლობით გადადგა რუსეთი მთავრობა. თანამდებობა დატოვა დიმიტრი მედვედევმა, მისი ადგილი რუსეთის საგასახადო სამსახურის ყოფილმა უფროსმა მიხაილ მიშუსტინმა დაიკავა.

კომენტარები