ტელეგაკვეთილები

მეორე არხზე მოსწავლეებისთვის ტელეგაკვეთილები ჩატარდება - გამოქვეყნდება ცხრილიც

ონლაინ გაკვეთილები

კორონავირუსის გამო, საქართველოს მეორე არხი საგანმანათლებლო პლატფორმად გადაკეთდება. ამ სიახლეს ითვალისწინებს განათლების სამინისტროსა და საქართველოს პირველი არხის ერთობლივი პროექტი "ტელესკოლა". 

ახალი პროექტისთვის ასევე გამოყენებული იქნება საქართველოს პირველი არხის სხვადასხვა მედიაპლატფორმებიც – ვებპორტალი 1tv.ge, საქართველოს პირველი არხის youtube და ფეისბუქგვერდები. შემუშავების პროცესშია სასწავლო საეთერო ბადე (გაკვეთილების ცხრილი), რომელიც უახლოეს დღეებში გამოქვეყნდება.

ეროვნული სასწავლო პროგრამით გათვალისწინებულ ტელეგაკვეთილებს სხვადასხვა საგნის ცნობილი პედაგოგები ჩაატარებენ. გამოყენებული იქნება წამყვანი კომპანიების მიერ გადაღებული სასწავლო ფილმებიც.

განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში მოსწავლეებს საინტერესო გაკვეთილების ნახვის საშუალება ექნებათ.

„უაღრესად მნიშვნელოვან პროექტს ვიწყებთ. ეს გახლავთ „ტელესკოლის“ პროექტი, სადაც ყველა მოსწავლეს განურჩევლად იმისა, აქვს თუ არა წვდომა ინტერნეტთან, ექნება საშუალება, ნახოს ძალიან საინტერესო, საუკეთესო გაკვეთილები ყველა საგანში“, – განაცხადა საქართველოს განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა.

საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორის, ვასილ მაღლაფერიძის განცხადებით, პროექტი იქნება გრძელვადიანი და მიზნად ისახავს საქართველოს მეორე არხის საგანმანათლებლო არხად გადაქცევას.

"უახლოეს დღეებში გამოქვეყნდება ეროვნული სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული სასწავლო ბადე, ერთგვარი გაკვეთილების ცხრილი. სხვადასხვა საგანში ტელეგაკვეთილებს მოსწავლეებს საუკეთესო მასწავლებლები წაუკითხავენ. სამინისტრო პროექტს საქართველოს პირველ არხთან ერთად ახორციელებს.

ამჟამად გვაქვს ყოველდღიური სამუშაო შეხვედრები. სწავლების ხარისხზე პასუხისმგებელი იქნება განათლების სამინისტრო. გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველოს პირველი არხი მსოფლიო საუკეთესო საგანმანათლებლო პროგრამების თარგმნასა და პროექტის ფარგლებში ჩვენებას უზრუნველყოფს. შაბათ-კვირას დაგეგმილია საინტერესო კლასგარეშე მეცადინეობები და ეთერი მთლიანად საგანმანათლებლო პროგრამად  იქნება აწყობილი", – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.

კომენტარები