ნინო ქადაგიძე

ქადაგიძე: ვიქნები გარანტორი, რომ იუსტიციის საბჭოში მეტი მანდილოსანი იყოს წარმოდგენილი

პარლამენტი

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი, ნინო ქადაგიძე ეჭვქვეშ არ აყენებს მოსამართლეთა 14 მარტის კონფერენციის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სერგო მეთოფიშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ, ნიკოლოზ მარსაგიშვილმა შეცვალა. მას მხარი 224-მა მოსამართლემ დაუჭირა.

ქადაგიძეს ამის შესახებ კითხვა GDI-ის ხელმძღვანელმა, გიორგი მშვენიერაძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დაუსვა, სადაც მას უსმენენ, როგორც უზენაესის თავმჯდომარეობის კანდიდატს.

"განსხვავებული აზრის არარსებობა, კანდიდატების ალტერნატივების არარსებობა ან, თუ არსებობოს, ფაქტობრივად ნულოვანი მხარდაჭერა თქვენთვის კითხვებს არ აჩენს? დემოკრატიებში ასე ხდება? როგორ შეიძლება, მოსამართლეთა რამდენიმე კონფერენცია ჩატარდეს და ყველა კანდიდატზე მოსამართლეთა შორის იყოს საბჭოთა კომუნისტური პარტიისთვის დამახასიათებელი ერთსულოვნება. დემოკრატიები ხომ ასე არ არსებობს", - თქვა მშვენიერაძემ.

ქადაგიძემ უპასუხა:

"მე თვითონ არასდროს მქონია სურვილი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი გავმხდარიყავი. გარდა ამისა, კონფერენცია ირჩევს საბჭოს წევრებს. მოსამართლე, რომელიც ურთიერთდაპირისპირები საკითხებზე იღებს საკმაოდ გამბედავ გადაწყვეტილებას, არ ჰყოფნის გამბედაობა, საკუთარი კანდიდატურა დაასახელოს? მე ჩემს კოლეგებზე ასეთი წარმოდგენის ნამდვილად არ ვარ. შესაბამისად, ვთვლი, რომ კანდიდატურა, რომელიც ბოლო კონფერენციაზე შეირჩა, იყო მოსამართლეების გადაწყვეტილებით. ფარული კენჭისყრაა და დამერწმუნეთ, ვერავინ ჩაიხედება იქ, ვინ ვინ შემოხაზა. დემოკრატიის პრინციპი დაცულია. მოსამართლეებს ნამდვილად ეყოფათ გამბედაობა, თუ ამისი სურვილი აქვთ, საკუთარი კანდიდატურა წარმოადგინონ. მე ვფიქრობ, ჩემი სახით კიდევ ერთი გარანტორი იქნება იმისი, რომ მოსამართლეების ჩართულობა, განსაკუთრებით ქალების, მანდილოსნების ჩართულობა ამაღლდეს და საბჭოში მეტი მანდილოსანი იყოს წარმოდგენილი. ამ სურვილებს აუცილებლად გავითვალისწინებ"

დღევანდელ სხდომას ოპოზიცია ბოიკოტს უცხადებს.

ქადაგიძე უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული კოლეგიის მოსამართლეა. ის ერთ-ერთია იმ 14 მოსამართლიდან, რომელიც პარლამენტმა 2019 წლის 12 დეკემბერს უვადოდ დანიშნა. დანიშვნას წინ შერჩევის პროცესი უძღოდა, რომელსაც ოპოზიცია, არასამთავრობო ორგანიზაციები და საბჭოს არამოსამართლე წევრები აპროტესტებდნენ. შერჩევის პროცესი საერთაშორისო ორგანიზაცია ეუთო/ოდირმა მწვავედ გააკრიტიკა.

ქადაგიძე გიორგი მიქაუტაძის მიერ წარმოდგენილ იმ 10-კაციან სიაშიც იყო, რომელიც მან 2018 წლის დეკემბერში წარმოადგინა და რომელსაც პროტესტი მოჰყვა.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურა 2018 წლის 2 აგვისტოდან ვაკანტურია - წინა თავმჯდომარე, ნინო გვენეტაძე 3-წლიანი თავმჯდომარეობის შემდეგ, სწორედ ამ დღეს გადადგა. პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტს კანდიდატურა არ წარუდგინა. 2018 წლის 16 დეკემბრიდან კი, მას შემდეგ, რაც სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის ფიცი დადო, ძალაში კონსტიტუციის ახალი რედაქცია შევიდა, რომლის მიხედვითაც, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის წარდგენის უფლებამოსილება იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მიენიჭა.

კომენტარები