თალაკვაძე: კარანტინის წესის დამრღვევთა მიმართ დამატებით სანქციებზე კანონს მივიღებთ

პარლამენტი

პარლამენტის თავმჯდომარემ უმრავლესობის ლიდერს, მამუკა მდინარაძეს სთხოვა, შეიმუშავოს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც კარანტინის წესის დამრღვევთა მიმართ დამატებითი სანქციების დაწესებას შეეხება.

არჩილ თალაკვაძემ თქვა, რომ შესაბამის კანონპროექტს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.

"თითოეული ასეთი შემთხვევა წარმოადგენს რისკს შემთხვევათა გადაცემისთვის, რის უფლებაც ჩვენ ნამდვილად არ გვაქვს ახლა. ჩვენ გვჭირდება მკაცრი, გონივრული და პროფესიონალური პასუხი ყველა რისკზე, რომელმაც შეიძლება ინფექციის გავრცელება გამოიწვიოს“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, საქართველო ახლა ახერხებს, ეპიდემიური რისკების ეფექტურად მართვით, ჩამორჩეს ეპიდემიის გავრცელების პიკს და მსოფლიოში არსებულ საერთო მაჩვენებლებს, რაც იმედის მომცემი ტენდენციაა.

„ეს არის იმედის მომცემი ტენდენცია, რომლის შენარჩუნებასაც ჩვენი სამსახურები ახერხებენ, რაც იმის იმედს გვაძლევს, რომ ვიდრე მოხდება მედიკამენტის შემუშავება და მისი ჩაშვება ფართო მოხმარებაში, ან მოხდება ვაქცინის შემუშავება, ან ეპიდემიის პიკი გადაივლის, ნებისმიერ ამ სამ ლოგიკაში, ის, რასაც დღეს აკეთებს ჩვენი ქვეყანა და ახერხებენ ჩვენი სამსახურები, არის ძალიან შედეგიანი და ძალიან მისასალმებელი. ამიტომ, ყველას გთხოვთ და განსაკუთრებით, ჩვენს მოქალაქეებს, რომ ერთად შევინარჩუნოთ ვითარება, რომელიც ახლა გვაქვს. ბევრმა ქვეყანამ ეს ვერ მოახერხა, საქართველომ ეს მოახერხა და ეს არის ძალიან დასაფასებელი. მინდა, მადლობა გადავუხადო ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, საკოორდინაციო საბჭოს ყველა წევრს, და ყველა იმ ადამიანს ჯანდაცვის სფეროში, თუ სხვა მოკავშირე სამსახურებში, რომლებიც დღეს წინა ხაზზე დგანან და ამ რისკებს უშუალოდ ებრძვიან“, - თქვა არჩილ თალაკვაძემ.

საქართველოში დღის, 17 მარტის მდგომარეობით, ახალი კორონავირუსით ინფიცირების 34 შემთხვევა არის გამოვლენილი. კარანტინის რეჟიმშია - 1008, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 64. შსს ყოველდღიურად ავრცელებს ინფორმაციას, რომ კარანტინის რეჟიმში იძულებით გადაჰყავთ ადამიანები, რომლებიც თვითიზოლაციის წესს არ იცავენ. 

კომენტარები