კორონავირუსი

კალაძე: მიმდინარეობს მოლაპარაკება, რომ მიკროავტობუსის მძღოლები შემოსავლის გარეშე არ დარჩნენ

თბილისის მერია

დედაქალაქის მერი კახა კალაძე პრემიერმინისტრის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც 18 მარტიდან სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა იკრძალება და აღნიშნა, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რათა მძღოლები არ დარჩნენ თავიანთი მინიმალური შემოსავლის გარეშე.

"იმის გათვალისწინებით, რომ ბაღებსა და სკოლებში სწავლება შეჩერებულია, შეზღუდულია მთელი რიგი სერვისების მიწოდება მოსახლეობისთვის და შესაბამისად, ქალაქში დღის მანძილზე ნაკლები ადამიანი გადაადგილდება,  მუნიციპალური ტრანსპორტით-მეტროთი და ავტობუსებით- შევძლებთ მოსახლეობის მომსახურებას. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს მოლაპარაკება "თბილისის მიკროავტობუსის" მენეჯმენტთან, რათა მათ მოახერხონ და არასამუშაო პერიოდში მიკროავტობუსების მძღოლები არ დარჩნენ თავისი მინიმალური შემოსავალის გარეშე," - თქვა კახა კალაძემ. 

კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის 18 მარტიდან სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა იკრძალება. ამის შესახებ პრემიერმა გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ თქვა. მისი თქმით, "ეს იყო გავრცელების ყველაზე დიდი კერა" და "ეპიდემიოლოგების შეფასებით, ყველაზე დიდი საფრთხის შემცველია". მანვე აღნიშნა, რომ მეტრო და ავტობუსები მუშაობას განაგრძობენ, თუმცა, მათ ევალებათ, ყოველდღიურად ატარონ დეზინფექცია. 

კომენტარები