პოლიტიკური დევნა

კობახიძე: პოლიტპატიმრების ძებნას დავიწყებთ და თუ ვიპოვით, ოპოზიციის მოთხოვნაზე ვირეაგირებთ

ტაბულა

"პოლიტპატიმრების ძებნას დავიწყებთ და თუ ვიპოვით, მაშინ ოპოზიციის ამ მოთხოვნაზე რეაგირება გვექნება," - ამის შესახებ საპარლამეტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ ისაუბრა. კობახიძე ამბობს, რომ პოლიტპატიმრებს საკონსტიტუციო ცვლილებების საჯარო განხილვების პარალელურად მოძებნიან. 

უმრავლესობის წევრები კვლავ ამტკიცებენ, რომ შეთახმებისას კონკრეტული პირების გათავისუფლებაზე საუბარი არ ყოფილა, ოპოზიცია კი ამბობს, რომ კონკრეტულ გვარებზე შეთანხმდნენ. 

"შეთანხმება რაზეც იყო, შეთანხმების ტექსტში წერია. ტექსტში წერია, რომ ამ პროცესზე ყოველგვარი პოლიტიკური გავლენა გამორიცხული უნდა იყოს. შესაბამისად, მოკლებული ვართ საშუალებას, რომ ამ პროცესის პოლიტიკური გავლენა მოვახდინოთ. ეს დოკუმენტი სწორედ ამაზე მიუთითებს და არა საპირისპიროზე, რასაც ოპოზიცია ამტკიცებს“, თქვა კობახიძემ.

8 მარტს ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის საარჩევნო სისტემაზე მიღწეული შეთანხმების ნაწილია პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხიც. ამერიკის ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეხვედრაზე კონკრეტულ პოლიტპატიმრებზე რომ ისაუბრეს ადასტურებს პატრიოტთა ალიანსის ლიდერი ირმა ინაშვილი. პოლიტპატიმრების გათავისუფლების შესახებ მემორანდუმს ხელი მხოლოდ პატრიოტთა ალიანსმა არ მოაწერა.

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიღწეული შეთანხმების ტექსტში საუბარია პრეზიდენტის როლზეც ამ შეთახმების შესრულებაში და რამდენიმე დღის წინ 11-მა ევროპარლამენტარმა ზურაბიშვილს წერილით მიმართა და გიგი უგულავას საქმესთან დაკავშირებით საკუთარი კონსტიტუციური უფლებამოსილების გამოყენებისკენ მოუწოდა.

8 მარტს ხელისუფლებასა და ოპოზიციური პარტიების უმრავლესობას შორის დადებულ შეთანხმებას გამოეხმაურა სენატის საგარეო ურთიერთობა კომიტეტის თავმჯდომარე ჯიმ რიში.

ჯიმ რიში წერს, რომ ის ელის პოლიტიკური მოტივით დაკავებული პირების მყისიერად გათავისუფლებას.

კომენტარები