კორონავირუსი

პატიმრობა, $50 000-იანი ჯარიმა - სასჯელი თვითიზოლაციის დარღვევისთვის სხვადასხვა ქვეყანაში

Surespan

ახალი კორონავირუსის გამო ამჟამად მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში საზღვარგარეთის ქვეყნებიდან ჩასულ პირებს 14-დღიანი კარანტინის გავლას ან თვითიზოლაციას ავალდებულებენ. აღსანიშნავია, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ვირუსის ადამიანის სხეულში მოხვედრიდან 14 დღემდე საინკუბაციო პერიოდი აქვს, რა დროსაც იმ შემთხვევაშიც კი, თუ დაავადებულ პირს ვირუსის არანაირი სიმპტომი აღენიშნება, შესაძლოა მისი გამავრცელებელი იყოს და შესაბამისად, გარშემომყოფებისთვის საფრთხეს წარმოადგენდეს.

14-დღიანი კარანტინის ან თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის მსოფლიოში სხვადასხვა ქვეყანას სხვადასხვა სასჯელი ან ჯარიმა აქვს დაწესებული. იხილეთ რამდენიმე მათგანი.

სინგაპურში თვითიზოლაციის დარღვევისთვის ჯარიმის საფასური 10 000 აშშ დოლარამდე ან 6 თვემდე თავისუფლების აღკვეთით განისაზღვრება.

ხორვატიაში წესებისადმი დაუმორჩილებლობა კანონდამრღვევს 1060 ევროდან 16 000 დაუჯდება.

ავსტრალიის ფედერალურ ერთეულებში ჯარიმები განსხვავდება - მაგალითად, ავსტრალიის ფედერალურ ტერიტორიაზე ნებისმიერი პირს, ვინც თვითიზოლაციის წესებს დაარღვევს, შესაძლოა, 8000 აშშ დოლარის ღირებულების გადახდა დაეკისროს; დასავლეთ ავსტრალიაში დარღვევისთვის პირს 50 000 აშშ დოლარამდე ჯარიმა ან გარკვეული პერიოდით ციხეში სასჯელის მოხდა მოუწევს; ავსტრალიის ჩრდილოეთ ტერიტორიაზე თვითიზოლაციის წესის დარღვევა 1 256 აშშ დოლარის ჯარიმით ან 6-თვიანი პატიმრობით ისჯება; სამხრეთ ავსტრალიაში ეს ქმედება 25 000 აშშ დოლარამდე ჯარიმით ისჯება; რაც შეეხება ტასმანიას, აქ ჯარის საფასური 8 400 აშშ დოლარია.

დიდ ბრიტანეთში კარანტინზე უარის თქმისთვის პირი, შესაძლოა, 1 000 ფუნტით დააჯარიმონ, მისი გადაუხდელობის შემთხვევაში კი კანონდამრღვევს პატიმრობა ელის.

ახალ ზელანდიაში განაცხადეს, რომ თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის პირს 13 000 აშშ დოლარამდე ჯარიმის გადახდა დაეკისრება. 

თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის აშშ-ის სხვადასხვა შტატშიც განსხვავებული სასჯელია. მაგალითად, სამხრეთ კაროლინაში პირს 1000 აშშ დოლარამდე ჯარიმა ან 30 დღემდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ვრცლად იხილეთ აქ

ტაივანში კარანტინის ან თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის პირს დაახლოებით 5 000-დან 10 000 აშშ დოლარის გადახდა უწევს. თებერვალში, მას შემდეგ, რაც ჰონგ-კონგიდან და კონტინენტური ჩინეთიდან ჩასული სამი პირი კარანტინიდან გაუჩინარდა, მთავრობამ მათი სახელი და გვარები გამოაქვეყნა - ორი ტაივანელი ქალის და ერთი გაურკვეველი წარმომავლობის მამაკაცის. ტაივანის მაღალჩინოსნებმა რამდენჯერმე სცადეს დაკავშირება მათ მიერ მოწოდებულ მისამართზე, თუმცა უშედეგოდ. შედეგად, მთავრობამ მათი სახელები გაასაჯაროვა და საზოგადოებას სთხოვა, მათ ადგილმდებარეობის გაგებაში შემთხვევაში ცხელ ხაზზე დაკავშირებოდნენ. დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ, ერთერთი მათგანი თავის სახლში იყო და ირწმუნებოდა, რომ არსად გასულა, მეორეს თქმით, მან მაღალჩინოსნებს სასტუმროს არასწორი ნომერი უთხრა, მესამე დაკარგული, რომელიც კონტინენტური ჩინეთიდან კუნძულ ქინმენზე იახტით წავიდა ასევე რამდნიმე დღეში იპოვეს - ყველა მათგანი 2 330 აშშ დოლარით დააჯარიმეს და სავალდებულო კარანტინში გადაიყვანეს. ტაივანში ჯარიმის საფასურის 33 000 აშშ დოლარამდე გაზრდასაც განიხილავენ.

ნორვეგიაში თვითიზოლაციის დარღვევა 2000 აშშ დოლარამდე ან თავისუფლების აღკვეთით ისჯება. 

გერმანიაში სავალდებულო კარანტინის, თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის პირს, შესაძლოა, გარკვეული რაოდენობის ჯარიმის გადახდა ან 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთა დაემუქროს.

სლოვაკეთში სავალდებულო კარანტინის დარღვევისთვის ჯარიმა 1 659 ევროა.

მსოფლიოში, ბოლო მონაცემებით, კორონავირუსით 188 432 ადამიანი დაინფიცირდა, გარდაიცვალა - 7 499. გამოჯანმრთელდა 80 871 პირი.

კომენტარები