საარჩევნო შეთანხმება

ჩუგოშვილი: 8 მარტის შეთანხმების ერთი ნაწილი მართლმსაჯულებასთან დაკავშირებულ საქმეებს ეხება

ტაბულა

დამოუკიდებელი დეპუტატი თამარ ჩუგოშვილი ამბობს, რომ 8 მარტს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიღწეული შეთანხმება ორ კომპონენტს ითვალისწინებდა. 

ჩუგოშვილის თქმით, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული შეთანხმების გარდა, მხარეებმა, მათ შორის თავად დეპუტატმა კიდევ ერთ დოკუმენტს მოაწერეს ხელი, რომელიც მართლმსაჯულებასთან დაკავშირებულ კონკრეტულ საქმეებს ეხება. 

"კონკრეტულ საქმეებზე კონკრეტული ნაბიჯები და ქმედებები უნდა გამოჩნდეს, რომელიც დღის წესრიგიდან მოხსნის მათ პოლიტიკურ კითხვის ნიშნებს. მე პირადად ჩემი თანხმობა დაფიქსირებული მაქვს ორ სხვადასხვა დოკუმენტზე, ერთია საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული, ხოლო მეორეა კონკრეტული სამართლებრივი მხარე,"- ამბობს ჩუგოშვილი. 

დეპუტატის თქმით, მისი და, სავარაუდოდ, საერთაშორისო პარტნიორების მოლოდინია ის, რომ უნდა შესრულდეს ორივე შეთანხმება, როგორც საარჩევნო, ისე - მართლმსაჯულების საქმეებთან დაკავშირებული. 

"თუმცა, მე როგორც ერთი დეპუტატი მხარს დავუჭერ იმ ინიციატივას, რომელიც არის ინიცირებული ნებისმიერ შემთხვევაში. მე ეს საჯაროდ მაქვს გაცხადებული და პასუხისმგებლობა აღებული, მათ შორის ხელმოწერით დადასტურებული,"- თქვა თამარ ჩუგოშვილმა. 

დიპლომატიური კორპუსის ორგანიზებით გამართული მრავალთვიანი მოლაპარაკებები ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის 8 მარტს შეთანხმებით დასრულდა, რომელიც ერთი მხრივ, საარჩევნო სისტემის ცვლილებას ითვალისწინებს, ხოლო მეორე მხრივ, პოლიტიკური დევნის შეწყვეტასა და პოლიტპატიმრების გათვალისწინებას. 

ქართული ოცნება არ აღიარებს შეთანხმების მეორე ნაწილის არსებობას, თუმცა მოლაპარაკებების მაგიდაზე მსხდომი ყველა პარტია თუ პოლიტიკოსი ამბობს, რომ ასეთი შეთანხმება შედგა. 

13 მარტს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისთვის მიერ მიწერილ წერილში ევროპარლამენტარებმა ხაზი გაუსვეს, რომ ევროპული საქართველოს გენერალური მდივნის, გიგი უგულავას, გათავისუფლება 8 მარტის შეთანხმების შესრულების ტესტად განიხილება. 

უფრო ადრე, 10 მარტს აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების თავმჯდომარემ, ჯიმ რიშმა, შეთანხმების შესახებ განცხადება გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, სენატორი რიში ელის, რომ "პოლიტიკური მოტივით დაპატიმრებულები მყისიერად გათავისუფლდებიან". 

კომენტარები