ირანი

COVID-19-ის გამო ირანში 85 000 პატიმარი დროებით გაათავისუფლეს, მათ შორის პოლიტპატიმრები

Getty Images

გადატვირტულ ციხეებში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით ირანში 85 ათასი პატიმარი დროებით გაათავისუფლეს. 

"ამჟამად დაახლოებით 85 ათასი პატიმარია გათავისუფლებული. ასევე, ციხეებში უსაფრთხოების ზომები მივიღეთ, რათა ვირუსის გავრცელებას ხელი შევუშალოთ." განაცხადა სასამართლო სისტემის წარმომადგენელმა; თუმცა, როდის მოუწევთ გათავისუფლებულებს ციხეში დაბრუნება არ დაუზუსტებია.

კვლავ ციხეებში რჩებიან ის პირები, ვინც ირანში ანტი-სამთავრობო გამოსვლების დროს გასულ წელს დააკავეს.

ირანმა დაახლოებით 70 000 პატიმარი მარტის დასაწყისში გაათავისუფლა. მათ უმეტესობას 5 წელზე ნაკლები ვადით პატიმრობა ჰქონდათ მისჯილი. მაშინ ირანში გაეროს ადამიანის უფლებების სპეციალურმა  მომხსენებელმა, ჯავიდ რეჰმანმა განაცხადა, რომ მან თეირანს გადატვირთული ციხეებიდან დროებით ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლება მოსთხოვა, რათა კორონავისუსის გავრცელებისთვის ხელი შეეშალათ.

ამასთან ერთად, აშშ მოუწოდებს ირანს, გაათავისუფლოს ორმაგი მოქალაქეობის მქონე ადამიანები და უცხოელები, რომელთაც ირანში ჯაშუშობა ედება ბრალად. აშშ-ის თქმით ირანის ციხეებში ნებისმიერი ამერიკელის სიკვდილზე ვაშინგტონი პირად პასუხისმგებლობას ირანის მთავრობას დააკისრებს.

ირანელმა ოფიციალურმა პირებმა კი აშშ-ს მოუწოდეს, მოხსნას 2015 წლის შეთანხმების დატოვების შემდეგ ხელახლა დაწესებული სანქციები. მათი თქმით ეს ქვეყანას ხელს უშლის ებრძოლოს კორონავირუსს და გაუმკლავდეს ეპიდემიას. თეირანმა სხვა ქვეყნებს მოუწოდა, მხარი დაუჭირონ აშშ-ს სანქციების გაუქმებას.

ამავდროულად, ირანის სასულიერო ლიდერები ქალაქების ჩაკეტვაზე უარს ამბობენ, მიუხედავად დაღუპულთა რიცხვის ზრდისა და დაინფიცირების ახალი შემთხვევებისა. თუმცა, მათ მოსახლეობას მოუწოდეს, ნოვრუზ ბაირამის დროს თავი აარიდონ გადაადგილებას. გაუქმდა პარასკევის მასობრივი ლოცვებიც.

"დარჩით სახლში ... ახალი წლისთვის საყიდლებზე სიარული ამ დღეებში თვითმკვლელობას ჰგავს." თქვა ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა სახელმწიფო ტელევიზიის ეთერში.

გასულ კვირას ირანმა განაცხადა, რომ თხოვნით მიმართა საერთაშორისო სავალუტო ფონდს 5 მილიარდი აშშ დოლარი გადაუდებელი დაფინანსებით დახმარებოდა, რათა გამკლავებოდა ვირუსს.

აღსანიშნავია, რომ არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა, რომელიც რეგიონში ირანის ერთ-ერთი მთავარი კონკურენტია და იემენის კონფლიქტში ირანის მიერ მხარდაჭრილი ჰუსიტი მებრძოლების წინააღმდეგ შექმნილ კოალიციაში შედის, გვერდზე  გადადო  განსხვავებები და ირანს ორი თვითმფრინავს გაუგზავნის, რომლებიც 32 ტონა სამედიცინო დახმარებას, მათ შორის ქირურგიულ ნიღბებს და ხელთათმანებს ჩაიტანს.

კორონავირუსით გარდაცვლილი ადამიანების რაოდენობამ ირანში 988-ს მიაღწია. ამ დროისათვის ქვეყნის მასშტაბით დაინფიცირებულთა რაოდენობა 16 169 ადამიანს შეადგენს.

კომენტარები