რუსეთი

ვლადიმერ პუტინმა საკონსტიტუციო რეფერენდუმის თარიღად 22 აპრილი დაამტკიცა

ვლადიმერ პუტინი
GETTY IMAGES

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ოფიციალურად დაამტკიცა საკონსტიტუციო რეფერენდუმის თარიღი. ახალი კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, ბრძანების მიხედვით, საყოველთაო საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით რეფერენდუმი 22 აპრილს გაიმართება. 

ბრძანება ამის შესახებ კრემლის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. საყოველთაო რეფერენდუმზე რუსეთის მოსახლეობამ ერთადერთ კითხვას უნდა უპასუხოს - ეთანხმებით თუ არა საკონსტიტუციო ცვლილებებს?

მანამდე ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით კრემლში რეფერენდუმის თარიღის გადატანას ფიქრობდნენ, თუმცა საბოლოოდ, არჩევნების თარიღად თავდაპირველად დასახელებული 22 აპრილი დამტკიცდა. 

სხვა სიახლეებთან ერთად, ახალი კონსტიტუცია ვლადიმერ პუტინისთვის უკვე მოხდილი საპრეზიდენტო ვადების განულებას ითვალისწინებს. შესაბამის ინიციატივას რუსეთის დუმამ მხარი 10 მარტს დაუჭირა.

პუტინს 2024 წელს ზედიზედ მეორე, ჯამში კი მეოთხე საპრეზიდენტო ვადის დასრულების შემდეგ მომდევნო არჩევნებში მონაწილეობის მიღება არ შეეძლო, თუმცა ახალი ცვლილება მას ვადას გაუნულებს და საშუალებას მისცემს კიდევ ერთი, ან ორი ვადით იყაროს კენჭი და ძალაუფლებაში კიდევ 6 ან 12 წლით დარჩეს.

კანონპროექტი პარლამენტში პუტინის პარტიის, ერთიანი რუსეთის დეპუტატებმა დაარეგისტრირეს. ცვლილებას მხარი პარტიამ ერთხმად დაუჭირა.

აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე პუტინი უარყოფდა 2024 წლის შემდეგ ხელისუფლებაში დარჩენის შესაძლებლობას, თუმცა ბოლო ინტერვიუში ისაუბრა იმაზე, რომ რუსეთს ძლიერი პრეზიდენტი სჭირდება.

"მე რისი მეშინია, რატომ არ მინდა ვადების შემცირება... საკუთარი თავის გამო არ ვშიშობ, მე ჭკუიდან არ გადავალ. საქმე ჩემში არ არის. ჩვენ ხომ ვცვლით კონსტიტუციას არა 5 ან 10 წლით, მინიმუმ 50 წლით. მე მგონია, რომ მომავლისთვის საჭიროა... საუბარი არაა დღევანდელზე, ახლა შეიძლება მართლაც უფრო მნიშვნელოვანია სტაბილურობა, ქვეყნის მშვიდი განვითარება. მაგრამ შემდეგ, როცა ქვეყანა დააგროვებს რესურსებს, თავდაჯერებულობას, მაშინ ნამდვილად საჭიროა ხელისუფლების ცვლილების უზრუნველყოფა", - თქვა პუტინმა.

საკონსტიტუციო ცვლილებები ვლადიმერ პუტინმა 15 იანვარს ფედერალური საბჭოსადმი მიმართვაში წარადგინა. 

პუტინი დუმის და ფედერაციის საბჭოს უფლებამოსილების გაზრდა დაანონსა. დაგეგმილი ცვლილების მიხედვით, ფედერაციული საბჭო საკონსტიტუციო ორგანო ხდება, საბჭოს საკონსტიტუციო სასამართლოების მოსამართლეების დანიშვნა ეძლევა. ასევე, იცვლება ძალოვანი მინისტრების არჩევისა და დანიშვნის წესი. ახალი პროცედურის მიხედვით ძალოვანი პროფილის მინისტრები ფედერაციის საბჭოსთან კონსულტაციის შედეგად დაინიშნებიან.

დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით იცვლება მთავრობის დანიშვნის წესი. ცვლილების ამოქმედების შემდეგ, მთავრობის მეთაურს, მინისტრებსა და მოადგილეებს დუმა დაამტკიცებს. ასევე უქმდება საკონსტიტუციო შეზღუდვა ზედიზედ ორ საპრეზიდენო ვადასთან დაკავშირებით. ცვლილების მიხედვით საკონსტიტუციო სასამართლოს მიეცემა უფლება გააუქმოს და გადასინჯოს ფედერაციული კანონების კონსტიტუციურობა. ამავდროულად საკანონმდებლო გადასინჯვების ინიცირების უფლება მხოლოდ პრეზიდენტს ექნება.

სწორედ 15 იანვარს დაანონსდა საყოველთაო რეფერენდუმის ჩატარებც და თარიღიც. ამ დღესვე სრული შემადგენლობით გადადგა რუსეთი მთავრობა. თანამდებობა დატოვა დიმიტრი მედვედევმა, მისი ადგილი რუსეთის საგასახადო სამსახურის ყოფილმა უფროსმა მიხაილ მიშუსტინმა დაიკავა.

კომენტარები