ნავთობის ბაზარი

2016 წლის შემდეგ პირველად, ბარელი ნავთობის ფასი 29 დოლარს ჩამოცდა

0 კომენტარი
ფოტო: wordpress.com

2016 წლის იანვრის შემდეგ პირველად, ლონდონის სასაქონლო ბირჟაზე, Brent-ის მარკის ნავთობის ღირებულება 29 დოლარს ჩამოცდა. ამ დროისთვის ერთი ბარელის ღირებულება 28,9 დოლარია. 

კიდევ უფრო დავარდა WTI-ის მარკის ნავთობის ფასი და ამ დროისთვის 27,7 დოლარს შეადგენს. მიმდინარე წლის განმავლობაში ბარელი ნავთობის მაქსიმალური ფასი - იანვარში 71 დოლარს აღემატებოდა, თუმცა ახალი კორონავირუსის გავრცელების პარალელურად პროდუქციაზე მოთხოვნა მთელ მსოფლიოში მნიშვნელოვნად შემცირდა.

ფასები კიდევ უფრო დავარდა მას შემდეგ, რაც 6 მარტს ვენაში ნავთობის ექსპორტიორ სახელმწიფოთა [OPEC] სხდომაზე მოპოვების შემცირების ახალ ეტაპზე თანხმობა ვერ შედგა. როგორც ცნობილია, საუდის არაბეთის წინადადებისა და შესაბამისად ნავთობის მოპოვების კიდევ უფრო შემცირებას წინააღმდეგ რუსეთი წავიდა.

ამის პარალელურად, ვერ შედგა თანხმობა ძველი შეზღუდვების გაგრძელებაზეც, რომელიც საუდის არაბეთსა და რუსეთს შორის 2016 წელს გაფორმდა. სწორედ ამ შეთანხმებით კონტროლდებოდა ნავთობის ფასები ბოლო ოთხი წლის განმავლობაში. შეთანხმების ჩაშლის ფონზე ნავთობის ფასები ერთ დღეში 30%-ით დავარდა. 

ამის პარალელურად ცნობილია, რომ საუდის არაბეთი ნავთობის მოპოვებას ისტორიულ მაქსიმუმამდე - დღეში 12,7 მილიონ ბარელამდე აიყვანს. 300 ათასი ბარელით აპირებს მოპოვების ტემპების გაზრდას რუსეთიც. 

ძველი შეთანხმების მოქმედების ვადა პირველ აპრილს იწურება და სწორედ ამ დღიდან დაიწყება ნავთობის ფორსირებული მოპოვებაც, რაც დიდი ალბათობით კიდევ უფრო დააგდებს პროდუქციის ფასს. 

სხვადასხვა ანალიტიკური გამოცემის პროგნოზით უახლოეს კვირებში ნავთობის ფასი შესაძლოა ბარელზე 25 დოლარსაც ჩამოცდეს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დედა-შვილი მოქალაქეებს დევნილის სტატუსს ჰპირდებოდა და ფულს ართმევდა

კომენტარები