FACEBOOK თავის დასაქმებულებს, გაზრდილი ხარჯების გამო, $1 000-იან ბონუსს დაურიცხავს

Facebook

სოციალური მედიის პლატფორმა Facebook თავის დასაქმებულებს ბონუსის სახით $1 000-ს გადაუხდის, რათა ახალი კორონავირუსის გავრცელებით გამოწვეულ ხარჯებს გაუმკლავდნენ. 

როგორც კომპანიამ CNN Business-ს უთხრა, ბონუსის მიზანია, დაეხმაროს იმ თანამშრომლებს, რომლებიც დამატებით ხარჯებს უმკლავდებიან, როგორიცაა სახლში ოფისის მოწყობა, ან შვილებზე ზრუნვა. 

Facebook-ს მსოფლიოს მასშტაბით 45 000 დასაქმებული ჰყავს. CNN წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ $1 000-იანი ბონუსი მხოლოდ სრულ განაკვეთზე მომუშავე ადამიანებს დაერიცხებათ და არა - კონტრაქტორებს. 

მარტის დასაწყისში კომპანიამ ასევე განაცხადა, რომ ისინი სრულად გადაუხდიან საათობრივად მომუშავე დასაქმებულებს, როგორებიც არიან, მაგალითად, დასუფთავებაში ან კაფეტერიაში მომუშავეები, მიუხედავად იმისა, რომ მათი სამუშაო საათები შემცირებულია. 

დასაქმებულებისთვის ბონუსის დარიცხვის გარდა, მთავარი ოპერაციული დირექტორის, შერილ სანდბერგის, თქმით, კომპანია ასევე $100 000 000-ს დახარჯავს მცირე ბიზნესების მხარდასაჭერად იმ 30 ქვეყანაში, რომლებზეც ახალ კორონავირუსს დიდი უარყოფითი გავლენა ჰქონდა. 

კომენტარები