აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები 2020

ჯო ბაიდენმა ფლორიდასა და არიზონაში გამართულ პრაიმერში გაიმარჯვა, ლიდერობს ილინოისში

0 კომენტარი
ჯო ბაიდენი / ბერნი სანდერსი ფოტო: NBC

აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი 17 მარტს აშშ-ის სამ შტატში, ფლორიდაში, ილინოისსა და არიზონაში გამართულ პრაიმერებში ლიდერობს.

ფლორიდაში მან ხმების 61% მოიპოვა, ილინოისში კი 58%. არიზონაში პრაიმერის შედეგების 65%-ია დათვლილია, ბაიდენს ხმათა 43% აქვს, მის მთავარ კონკურენტს, ბერნი სანდერსს 30%.

ბაიდენი შედგებს სახლში ჩაწერილი ვიდეო მიმართვით გამოეხმაურა. მან სანდერსის ამომრჩევლებს მიმართა:

"ნება მომეცით მოგმართოთ, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, რომლებიც სენატორმა სანდერსმა შთააგონა, მე მესმის თქვენი, ვიცი რა არის სასწორზე, ვიცი რა უნდა გავაკეთოთ."

17 მარტის პრაიმერის შემდეგ ვიდეო მიმართვა გაავრცელა ბერნი სანდერსმაც, თუმცა მას საკუთარი კამპანიის მომავალზე არ უსაუბრია და ძირითადი აქცენტი კორონავირუსის მიერ გამოწვეულ კრიზისზე და მასთან გამკლავების მისეულ გეგმაზე გააკეთა.

10 მარტის პრაიმერში 6 შტატიდან მხოლოდ ერთში გამარჯვების შემდეგ სანდერსმა პირობა დადო, რომ ნომინაციისათვის ბრძოლას გააგრძელებდა.

ამჟამად ბაიდენს 1,147 დელეგატი ჰყავს, ბერნი სანდერსს - 861. დემოკრატიული პარტიის ნომინაციისათვის კანდიდატებს 1,991 დელეგატი სჭირდებათ.

17 მარტს ამავე შტატებში გაიმართა რესპუბლიკური პარტიის პრაიმერიც და პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 1,276 დელეგატის ბარიერის გადალახვის შემდეგ ოფიციალურად მოიპოვა პარტიის ნომინაცია.

პრაიმერი უნდა გამართულიყო ოჰაიოს შტატშიც, თუმცა უბნების გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე ის გადაიდო და 2 ივნისს გაიმართება.

ივნისში გადაიტანეს პრაიმერი კიდევ რამდენიმე შტატში - ჯორჯიაში, ლუიზიანაში, მერილენდში და კენტუკიში.

შემდეგი პრაიმერი პუერტო რიკოში 29 მარტს ჩატარდება.

16 მარტს გამართულ დებატებში ჯო ბაიდენმა პირობა დადო, რომ ნომინაციის მოპოვების შემთხვევაში ვიცე-პრეზიდენტად ქალს დაასახელებდა.

ჯო ბაიდენი აშშ-ის 2020 წლის არჩევნებში დემოკრატიული ნომინაციისათვის ბრძოლაში სუპერ სამშაბათს მოპოვებული გამარჯვების შემდეგ დაწინაურდა. 3 მარტს მან გაიმარჯვა ალაბამას, არკანზასის, მენის, მასაჩუსეტსის, მინესოტას, ჩრდილოეთ კაროლინას, ოკლაჰომას, ტენესის, ტეხასის და ვირჯინიის შტატებში.

სუპერ სამშაბათამდე ნომინაციისთვის ბრძოლას გამოეთიშნენ მინესოტას სენატორი ემი კლობუშარი და საუს ბენდის ყოფილი მერი პიტ ბუტიჯეჯი. მათ მხარი ჯო ბაიდენს დაუჭირეს. სუპერ სამშაბათს განცდილი მარცხის შემდეგ კამპანია შეწყვიტა მილიარდერმა, ნიუ-იორკის ყოფილმა მერმა მაიკლ ბლუმბერგმა და მანაც მხარი ჯო ბაიდენს დაუჭირა. ნომინაციისთვის ბრძოლას გამოეთიშა მასაჩუსეტსის სენატორი ელიზაბეტ უორენიც. ამ დრომდე მას არ გაუკეთებია განცხადება იმაზე, თუ ვის უჭერს მხარს. ჯო ბაიდენს მხარს უჭერენ სხვა ყოფილი კანდიდატებიც, მათ შორის კალიფორნიის სენატორი კამალა ჰარისი და ყოფილი ტეხასელი კონგრესმენი ბეტო ო'რურკი.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

მოპედის ქურდობისთვის თბილისში ერთი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები